რატომ წაშალა საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინის მხარდამჭერი ანონსი

პუბლიკა

საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის ნაკრებთან მატჩის წინ უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსი სოციალურ ქსელში რამდენიმე საათში წაშალა.

რუსული გამოცემა SPORT24.RU-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირს ევროპის რაგბის კავშირმა მიმართა.

რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესატაშე ანტონ ხალიზოვის განცხადებით, მათი ფედერაცია ანონსის გავრცელებისთანავე დაუკავშირდა ევროპის რაგბის კავშირს.

„ფედერაციის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა ევროპის რაგბის კავშირს, რომ შეესწავლა ეს სიტუაცია. გვითხრეს, რომ მსგავსი აფიშა მიუღებელია. ეს არის რეგლამენტის დარღვევა. ევროპის რაგბის კავშირმა ქართულ მხარეს სთხოვა ამ აფიშის მოხსნა, თუმცა ამ დროისთვის არაფერი მოუხსნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ჯარიმა ემუქრებათ. ევროპის რაგბის კავშირი მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას მსგავსი აფიშების მიუღებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხალიზოვმა.

„პუბლიკა“ განმარტებისთვის საქართველოს რაგბის კავშირსაც დაუკავშირდა. რაგბის კავშირის განცხადებით, მომხდარზე განმარტება შესაძლოა დღეს გავრცელდეს, ხვალ კი ამავე თემაზე პრესკონფერენციის გამართვაა დაგეგმილი. საქართველოს სარაგბო ნაკრები რუსეთის ნაკრებთან თამაშს კვირას, 18:00 საათზე გამართავს.