რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადამდგარი რაულ ხაჯიმბა ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, – ამის შესახებ რუსული სააგენტოები – „ტასი“ და „რია ნოვოსტი“ იუწყებიან ყოფილ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ასლან ბარციცზე დაყრდნობით. მან ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დღეს, 13 იანვარს დატოვა.
ბარციცის განცხადებით, ხაჯიმბა აფხაზეთში დარჩება და კვლავ მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში.
რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს – „სახალხო კრებას“, 12 იანვარს, გვიან საღამოს მიმართა განცხადებით, „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ ეს ნაბიჯი გადადგა „ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“.
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან 9 იანვარს დაიწყეს და შენობა ბლოკადაში მოაქციეს.
ამასთან, აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი კანდიდატის ალხაზ კვიცინიას საკასაციო საჩივარი, ანულირება გაუკეთა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკანონოდ ცნო. ამ გადაწყვეტილებით ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა გაიმართოს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.