რაზე წარუდგინეს ბრალი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს?

პუბლიკა

ბიზნესმენი, „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მაშინ განაცხადეს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება.

სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში, მათივე ცნობით, ბიზნესმენის სახლში ჩხრეკის შედეგად სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად „ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები”.

დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ბიზნესმენს ბრალი მხოლოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის საქმეზე წარედგინა.

პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), პირის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ.

პროკურატურის ცნობით,  ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.