დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის საკითხსა და ავტომანქანებში სამ მგზავრზე მეტის შეზღუდვის საჭიროებაზე „იმედის” ეთერში ისაუბრა.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ცვლილებას დააკვირდებიან.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებული იქნება ნამდვილად ეპიდსიტუაციასა და იმაზე, რომ შენარჩუნებული სტაბილურობით, მაშინ როდესაც ბიზნესი გაიხსნება, სხვა აქტივობები მოიმატებს, ავადობის მაჩვენებელი თუ დარჩება ნიშნულზე და არ იქნება იმპულსი დაავადების მაჩვენებლის მატების, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად, ალბათ, სატრანსპორტო საშუალებების ამუშავება დაიშვება”, – ამბობს ზახაშვილი.
რაც შეეხება ავტომობილებში სამ მგზავრზე მეტის შეზღუდვის საკითხს, ზახაშვილის თქმით, აღნიშნული ადამიანების გადაადგილების შენელებას უზრუნველყოფს.
„მისი არსებობა იმ მიზანს ემსახურება, რომ ნაკლები ადამიანი გადაადგილდეს ერთდროულად ერთ სივრცეში და ესეც არის დაავადების გავრცელების შეკავების ეფექტიანი შესაძლებლობა”, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.