რაზმაძე შსს-ის დეპარტამენტში დარჩენილებს: ამოიღეთ ხმა, ყველას ვერ გაგიშვებენ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე მიმართავს თავის ყოფილ კოლეგებს და მოუწოდებს, ხმა ამოიღონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რუსულ კანონზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რეორგანიზაციის შემდეგ, პრაქტიკულად გამოძიების ხარისხის კონტროლის ფუნქციის გარეშე დატოვეს.

დეპარტამენტს შეუცვლეს სახელი. გააუქმეს გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისისა და რეგიონული სამმართველოები (მათ შორის, ჩემიც).

ახალი დებულების თანახმად, მინისტრი ან მინისტრის მოადგილე საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვეტს, რა კატეგორიის დანაშაულს დამონიტორინგებს დეპარტამენტი.

2023 წლის 12 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში, სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრე.

აღნიშნული რეორგანიზაცია დაამთხვიეს რუსული კანონის მიღებას.

წინა წელს სწორედ ამ კანონის საჯაროდ გაპროტესტება არ მაპატია სისტემამ.

მივმართავ დეპარტამენტში დარჩენილ ჩემს მეგობრებს – ამოიღეთ ხმა, ადამიანის უფლებების დარღვევებზე რეაგირება თქვენი კანონისმიერი ვალდებულებაა.

ყველას ვერ გაგიშვებენ, თუმცა ცალ-ცალკე აუცილებლად მოგერევიან, რომელმაც პრაქტიკულად უფუნქციოდ დაგვტოვათ. არც გკითხეს ისე გადაგანაწილეს სხვადასხვა სამმართველოებში (ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს).

საკუთარი აზრი დააფიქსირეთ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ესეც თქვენი ვალდებულებაა.

ჩემთვისაც ეს სამსახური (სადაც 12 წელი ვმუშაობდი) ჩემი შვილების რჩენის ერთადერთი წყარო იყო.

თუმცა, ღირსებაზე მაღლა არაფერი დგას.

თქვენ გაქვთ ერთადერთი და ვფიქრობ, ბოლო შანსი ღიად დააფიქსიროთ საკუთარი აზრი.

მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ბოლო დღეებში ძალადობის გამპრავებელ სპიკერად გვევლილება, არის ამ ყველაფრის შემოქმედი.

არა რუსულ კანონს”, – წერს რაზმაძე facebook-ზე. 


2023 წლის 12 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე ვრცელი პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა. გოგა რაზმაძე, რომელიც ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურაზე, დისკრიმინაციასა და საჯარო პოსტების კონტროლზე საუბრობდა, მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.