რჩება განცდა, რომ ეს არის შენგელიას მიზანმიმართულად დასჯის მცდელობა - ქურდოვანიძე

პუბლიკა

ბაჩანა შენგელიამ, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა შეუზღუდა, გუშინ უწყებიდან მიღებული წერილი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 24 ივნისის 258-ე ბრძანების საფუძველზე, მის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო.

ეს ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ უკვე მეორე საქმეა, რომელიც მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაიწყო. ამჯერად სამინისტრო ნოტარიუსს დისციპლინურ დარღვევას facebook-ზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტების გამო ედავება.

წერილის მიხედვით, გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა ბაჩანა შენგელიას facebook-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია და დადგინდა, რომ ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით მიმართავდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამჟღავანებასა და პოლიტიკური შეფასებებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბაჩანა შენგელიას საქმის წარმოებამ პრობლემები ორი მიმართულებით გამოაჩინა – ერთი მხრივ, არსებული კანონმდებლობის ხარვეზი; მეორე მხრივ კი, რჩება განცდა, რომ ეს არის ბაჩანა შენგელიას მიზანმიმართული დასჯის მცდელობა. 

კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნოტარიუსს აკრძალული აქვს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. 2020 წლის მაისამდე, დებულების ეს პუნქტი, განიხილებოდა სხვა კატეგორიის დისციპლინურ გადაცდომად, რომელიც სანქციის სახით საქმიანობის შეჩერებას არ ითვალისწინებდა. მაისში დებულებაში შეტანილი ცვლილებებით კი აღნიშნული პუნქტი გადავიდა უფრო მძიმე კატეგორიის დისციპლინურ გადაცდომებში, და სწორედ ამის საფუძველზე დაიწყო შენგელიას შემთხვევაში დისციპლინური წარმოება.

„ჩვენ აქ პრობლემურად ვხედავთ არამხოლოდ იმას, რომ ეს ნორმა ნოტარიუსს ზოგადად გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობას უკრძალავს. მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსი საჯარო ფუნქციას ახორციელებს, არ უნდა ჰქონდეს ზოგადად აკრძალული, რომ გააჩნდეს საკუთარი შეხედულებები და ამ შეხედულებების გამოსახატად, გამოიყენოს პირადი facebook გვერდი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ  კანონმდებლობაში, ცვლილებები შევიდა ერთი თვის წინ, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა, როგორც დისციპლინური გადაცდომა ჩაითვალა მძიმე კატეგორიის გადაცდომად, და მძიმე კატეგორიის გადაცდომას პასუხისმგებლობის სახით მოჰყვება საქმიანობის შეჩერება, მათ შორის შეიძლება ეს იყოს 2 წლამდე ვადითაც, რაც აშკარად არაპროპორციული სანქციაა, ეს არის კანონმდებლობის ხარვეზები“, – განმარტავს ნონა ქურდოვანიძე.

მისივე თქმით, საია-ს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ბაჩანა შენგელიასთან და მასთან ერთად განიხილავენ საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული ნორმის გასაჩივრების შესაძლებლობას.

მეორე მხრივ კი ქურდოვანიძის შეფასებით, თუკი შენგელიას საქმეს მთლიანობაში განვიხილავთ, რჩება განცდა, რომ ეს არის ბაჩანა შენგელიას „მიზანმიმართულად დასჯის მცდელობა და არა სამართლებრივ არგუმენტებზე დამყარებული წარმოება.“

„პრობლემურია ისიც, რომ იმ წერილში, რომელიც შენგელიამ მიიღო, საერთოდ არ არის აღნიშნული კონკრეტულად რომელი პოსტები შეფასდა ასეთად, რეალურად იყო თუ არა მართლაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა, ეს ყველაფერი არის ღია კითხვები, რომლებზეც ჯერჯერობით არ არის პასუხი გაცემული და რა თქმა უნდა, ეს აძლიერებს განცდას, რომ ეს იყო მიზანმიმართული დასჯის მცდელობა, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული წარმოება“, – ამბობს ქურდოვანიძე.

შენგელიას სანოტარო საქმიანობის შეზღუდვაზე შეკითხვას პარლამენტში პრემიერის წლიური მოხსენების დროს  მინისტრმა, თეა წულუკიანმა უპასუხა:

„პანდემიის პირობებში ყველა ნოტარიუსისადმი მოქმედებს დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი, თუ აღმოჩნდა, რომ ინსპექტირებისას დაარღვია წესები, შეუჩერდება დროებით ბიუროს საქმიანობა და ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას, ძალიან გთხოვთ. ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია“, – განაცხადა წულუკიანმა.

შენგელიამ წერილობით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეების ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ის ასევე გეგმავს მიმართოს სახალხო დამცველს,  რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს.