რეაგირებას მოვახდენთ კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე - შსს დმანისის მოვლენებზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. მათი თქმით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ქალაქ დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის გუშინ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები და რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ ეტაპზე ფიზიკური დაპირისპირება განმუხტულია, თუმცა ისინი ადგილზე რჩებიან. როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიცია ცდილობდა ვითარების განმუხტვას. ისინი აკავებდნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირებს. მედიის ცნობით, რომელიც ადგილზე მუშაობს, დაპირისპირების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – პოლიციელები. დაზიანებულია მანქანები.

ადგილზე პოლიციასთან ერთად მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანებიც. გუშინ ადგილობრივი ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ტელევიზიებთან ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება გახდა. რამდენიმე ეთნიკურად ქართველი მაღაზიაში შევიდა და მოითხოვა ლუდი, საფასურის გადახდის გარეშე, რაზეც უარი მიიღეს. ცოტა ხნის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად, სადაც მათ, ასევე, დახვდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება.