პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში „ნაციონალური მოძრაობის” „რეალური ამომრჩეველი” სექტის წევრებად მოიხსენია. მან აღნიშნა ისიც, რომ ენმ-ის ამომრჩეველთა დანარჩენი ნაწილი არის გაღიზიანებული მოქალაქე და მათ თავადაც არ იციან რას ითხოვენ.
„ამ 25% თუ 27%-დან, რომელიც მათ [„ნაციონალურ მოძრაობას] აქვთ, რეალურად მათი ამომრჩეველი – „მიშისტი”, სექტის წევრი თუ შეიძლება ასე ითქვას, არის 7%-8%, მაქსიმუმ 10%. დანარჩენი არის გაღიზიანებული, განაწყენებული ადამიანი, რომელიც რაღაცას ითხოვს, ოღონდ თავადაც არ იცის რას ითხოვს. უბრალოდ არ მოსწონს ხელისუფლება და აპროტესტებს მუდმივად რაღაცას და ვიღაცას…
მე ასე ვხსნი ამას [რომ ენმ მეორე პოლიტიკურ ძალად რჩება ქვეყანში], იმიტომ, რომ მართლა წარმოუდგენელია, როგორც შეიძლება ასეთ მანიაკს ჯერ კიდევ ხმას აძლევდეს ვინმე…”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მოსახლეობის 80%-მდე არის წინააღმდეგი სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის. მისივე თქმით, გამოკითხვებით ყოველთვის ზომავენ ამ სურათს.
როგორც ის ამბობს, სააკაშვილის მიმართ საზოგადოებას აქვს ზიზღი და აგრესია და „ეს რჩება სამუდამოდ”.