„რეალურად, ორკვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ ფასის შემცირებას. ბაზარს აქვს მოლოდინი, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ, დასტაბილურებისკენ უნდა წავიდეს და დაახლოებით, ომამდე მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით სიტუაციას და გვაქვს მუდმივი დიალოგი და კოორდინაცია კერძო სექტორთან. მე ხვალაც მექნება შეხვედრები. ამ სიტუაციაში მთავარი ის არის, რომ უფრო მძიმე შედეგებს არ უნდა ველოდოთ. რეალურად, ორკვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ ფასის შემცირებას. ბაზარს აქვს მოლოდინი, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ, დასტაბილურებისკენ უნდა წავიდეს და დაახლოებით, ომამდე მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს. ეს არის რამდენიმეთვიანი ფიუჩერსული გარიგების ანალიზი. ჩვენ მოკლევადიან კონტრაქტებსაც ვუყურებთ და არის კონკრეტული კომპანიების მხრიდან უფრო იაფად შეძენილი საწვავი, რომელიც ჩვენი იმედით, მალე უნდა გამოჩნდეს ბაზარზე, რამაც მაღალი ფასების წნეხი უნდა მოხსნას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, ხელისუფლებამ განიხილოს აქციზის გადასახადის გაუქმების, ან შემცირების საკითხი, რამაც შეიძლება, საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შეამციროს, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკურ გუნდში ასეთ დროს ყველაფერი განიხილება ხოლმე და არ არის ოფცია, რომელიც ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში არ უნდა იქნას გათვალისწინებული.
„რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით გულხელდაკრეფილი. აქციზის ფასი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ეფექტის მატარებელი ვერ იქნებოდა. იმიტომ, რომ გვესმის, ფასი რამხელაა – სამ ლარს გადასცდა და ოთხ ლარამდე ავიდა. 30-თეთრიანი აქციზი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ამ ფასწარმოქმნაში, რომელსაც შეიძლება, განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება უფრო იაფად შეძენილი საწვავის ბაზარზე გამოჩენას.
რაც შეეხება გადასახადების გაუქმებას გარკვეული პირობებით, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ოფცია, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა მიმართავს. მათ შორის, ჩვენთანაც ეს შეიძლება, იყოს გაუქმება, შემცირება, ან გარკვეული მცოცავი, სხვადასხვა ტიპის ჰეჯირებული გადასახადი, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან სათუთ საკითხთან და ეს არის ფისკალური დისციპლინა, რომელიც ამ ქვეყანაში მოწესრიგებულია, გარკვეული რეჟიმი არსებობს და ამის ასე ხელყოფა ძალიან რთულია, რასაც შეიძლება, ჰქონდეს ძალიან ცუდი, გადამდები ეფექტი და იყოს საკმაოდ სახიფათო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
27 მარტს მოქალაქეებმა თბილისსა და რეგიონებში საწვავის გაზრდილი ფასები გააპროტესტეს. თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 20 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.