ექიმის თქმით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ რეანიმაციაშია და იმყოფება მედიკამენტური ძილის ქვეშ.
როგორც ექიმი ამბობს, ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია.
„22 წლის ბიჭთან დაკავშირებით უგრძელდება მედიკამენტური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები ამ დროისათვის სტაბილურია. მას თვალის კაკლებს მთლიანობა აქვს შენარჩუნებული, თუმცაღა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგობის მიერ დაკვირვება. ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტური ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“, – უთხრა ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა, რომელშიც დაშავებული იმყოფება.
გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას“.
თუმცა, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას.
3 დეკემბრის აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ალექსი თირქიაა.
ექიმის თქმით, კაცი კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით.
მისივე განცხადებით, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია, აქვს გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევა.
მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმისვე თქმით, პაციენტი ამბობს, რომ ჰქონდა ტრავმა ბლაგვი საგნით, თუმცა, ვინაიდან გონება დაკარგა და მომხდარს ზუსტად ვერ იხსენებს.
ექიმის თქმით, თირქიას ოპერაციის ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. მისივე განცხადებით, ჭრილობაში უცხო სხეული არ უნახავთ.
ახალგაზრდა კაცს სახეზე, სავარაუდოდ, სპეცრაზმის მიერ ნასროლი გაზის კაფსული მოხვდა.
დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული.
იოსებ ჩანადირისვე თქმით, ალექსი თირქიას ორივე მშობელი ემიგრაციაშია.