რეანიმატოლოგი: ხანმოკლე რეანიმაციული ღონისძიების შემდეგ მდგომარეობა სტაბილურია

პუბლიკა

მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა-რეანიმატოლოგმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„პაციენტი აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაშია. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. იყო სინკოპეს (გონების დაკარგვა, გულის წასვლა) ეპიზოდი. ხანმოკლე რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მე მოვხვდი აქ შემთხვევით. მე ვარ კონსულტაციისთვის პაციენტთან. მე მთხოვეს და მოვედი“, – განაცხადა ექიმმა-რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა.

შეკითხვაზე, რეანიმატოლოგი შემთხვევით რომ არ ყოფილიყო კლინიკაში, როგორ განვითარდებოდა მდგომარეობა, ექიმი ამბობს, რომ პაციენტთან ყოველ დღე მორიგეობს ბრიგადა, რომელიც იქონიებდა სათანადო რეაქციას.

მისი ინფორმაციით, სააკაშვილს დამატებითი კვლევა სჭირდება იმის დასადგენად, რამ გამოიწვია გონების დაკარგვა.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა. პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. მისივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც.

გლდანის ციხესთან მყოფი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. დღესვე სააკაშვილის მონახულების ნებართვას ელოდებიან ჯანდაცვის კომიტეტის წევრებიც.