რეაქცია, რაც ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური - დეგნანი მოსამართლეების სანქცირებაზე

პუბლიკა

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მოსამართლეების სანქცირების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სანქცირებულ მოსამართლეებზე ჰქონდათ მტკიცებულებები, რომ ისინი იყვნენ ჩართულები კორუფციულ საქმიანობაში. კელი დეგნანის თქმით, ეს სანქცია ეხებოდა მხოლოდ კონკრეტულ პირებს, არა სისტემას ან ხელისუფლებას, ამიტომ საპასუხო რეაქცია, მისი აზრით, ზედმეტად ემოციური იყო.

„სავიზო სანქციები გამოცხადდა მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულია კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა. ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში. ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ გამოცხადდა სანქციები გუშინ.

ეს ნაბიჯი მიღებულია საქართველოს სურვილის მხარდაჭერისთვის, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ეს არის პროცესის ნაწილი, რომელზეც საქართველო მუშაობდა წლების განმავლობაში და აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ამ ხნის განმავლობაში…

როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მათ საარჩევნო პროგრამაში საუბარი იყო სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, დამოუკიდებლობაზე და ამერიკა მუშაობდა კარგად ამ ხელისუფლებასთან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის 4 ტალღაზე. შთამბეჭდავი პროგრესიც იქნა მიღწეული.

თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რომ შინაარსიანი რეფორმები გაგრძელებულიყო, განხორციელებულიყო, რაც ნამდვილად გახდიდა დამოუკიდებელ და გამჭვირვალე ინსტიტუტს სასამართლო სისტემას. რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან და იუსტიციის სამინისტროსთან წლების განმავლობაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

აშშ-ის ელჩის თქმით, ეს ნაბიჯი საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებიკენ იყო მიმართული, რომელშიც ბევრი მოსამართლე ცდილობს კეთილსინდისიერად მუშაობას, ეს პირები კი ხელს უშლიან მათ.

„ძალიან ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ, ისინი არიან შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი და ერთგულნი, რომ შეასრულონ თავიანთი საქმიანობა, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე – მათ ეს სურთ და მათ ეს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ეს 4 ადამიანი, დაფუძნებით სპეციფიკურ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ გვქონდა, ხელს უშლიდა მოსამართლეებს თავის სურვილში. ეს არ არის პოლიტიკურ პარტიაზე, არ არის სასამართლო სისტემაზე ან ყველა მოსამართლეზე, ეს არის 4 კონკრეტულ პირზე, რომლებიც ხელისშემშლელები იყვნენ და ჩართული იყვნენ კორუფციულ გარიგებებში“, – თქვა კელი დეგნანმა [„მთავარი არხის“ თარგმანი].


სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანს, ვალერი ცერცვაძეს.