რებეკა ჰარმსი შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ეხმაურება

პუბლიკა

ყოფილი ევროპარლამენტარი „მწვანეთა პარტიიდან”, რებეკა ჰარმსი შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერებას „ტვიტერზე” გამოეხმაურა.  როგორც ჰარმსი წერს, რუსთავში სკოლის დახურვას მოსწავლეები მასწავლებლები და მშობლები აპროტესტებენ. აქვე, ჰარმსი დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლის, თუბა ჩაბუქის ტვიტს აზიარებს,– „საქართველოს მთავრობაზე თურქეთის მთავრობა ზეგავლენას ახდენს, რამაც, შესაძლოა, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ხელი შეუშალოს”, – წერს ჩაბუქი.

შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის  აპელაციის საკითხზე სააპელაციო საბჭოს სხდომა ხვალ, 25 აგვისტოს გაიმართება.

სააპელაციო საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ. 

29 ივნისს სკოლა-ლიცეუმმა სააპელაციო საბჭოში სარჩელი შეიტანა და დაიწყო  სამართლებრივი დავა სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის საპასუხოდ.

შპს „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა – ლიცეუმს“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილლებით, ავტორიზაცია შეუჩერდა. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე 70-მდე მასაწვლებელი დარჩა უმუშავერი, ხოლო 227 ბავშვს სხვა სკოლის მოძებნა მოუწევს.

„ექსპერტების მიერ მონიტორინგის შედეგად მომზადებულ იქნა  მიკერძოებული  და  არაობიექტური დასკვნა, რომელიც  არ ასახავდა რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამ საბჭოს სხდომის გამართვამდე წარადგინა დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული პოზიცია ექსპერტების დასკვნასთან დაკავშირებით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ ამ მომხდარა სკოლის პოზიციისა და  მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა და გაზიარება. საბჭოს სხდომა ჩატარდა  2020 წლის 15 მაისს დისტანციურად, „Zoom“-ის ონლაინ-პლატფორმის გამოყენებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე. 2020 წლის 01 ივნისს ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სხდომის ოქმის შინაარსიც ცხადყოფს, რომ სკოლის წარმომადგენლებს სხდომაზე ფაქტობრივად  არ მიეცათ საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ წინასწარ დაწერილი ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე“,- აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციაში.

განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანამათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას რეპრესიულ მექანიზმად აფასებს.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრისა და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ერთობლივი განცხადებაში წერია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიზანი უნდა იყოს სასკოლო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება. ეს  გადაწყვეტილება კი ვერ ჩაითვლება ხარისხის განვითარებად. ორგანიზაციების შეფასებით, საბჭო რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის ამოქმედება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ქალაქ რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება 2017 წლიდან დაწყებული პროცესის გაგრძელებაა, როცა ასევე საბჭოს გადაწყვეტილებით ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სკოლა-ლიცეუმსა და დემირელის კოლეჯს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ პირველკურსელთა მიღება შეუზღუდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.