რებეკა ჰარმსი: უცხო ქვეყნის აგენტების კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტია

პუბლიკა

ყოფილი ევროპარამენტარი რებეკა ჰარმსი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმიანება და მას „რუსული დიქტატურიდან იმპორტს” უწოდებს.

„ქართული ოცნება“ თუ კოშმარი?

უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტია, რომელიც ყველა დემოკრატიულ პროცესს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციას მოწამლავს“, – დაწერა რებეკა ჰარმსმა X(Twitter)-ზე.

„ქართული ოცნება” პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

წლევანდელი კანონპროექტი შარშანდლის იდენტურია, ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი” გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია”.

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად” გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. სახელმწიფოს ენიჭება ორგანიზაციების დაჯარიმების უფლებამოსილება.

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია” შესაძლოა, გაიგივდეს „უცხოელ ჯაშუშთან” და „მოღალატესთან”, რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად შეაფერხებს მათ აქტივობებს.