რეჟიმის პატიმრების მშობლებმა რუსთაველზე ღამე გაათენეს — რა ხდება ახლა 

პუბლიკა

„ვინ დახოცა 9 აპრილს ქართველები“ — ამ კითხვას უსვამენ რუსთაველზე შეკრებილები იმათ, ვისაც 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობა სურს.

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები და სხვა მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან რჩებიან.

მათ ცოცხალი ჯაჭვიც გააკეთეს.

შეკრებილებს სურთ, მემორიალთან მისვლის და მისი გვირგვინებით შემკობის უფლება არ მისცენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.

მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ისინი არიან პარლამენტის მიმდებარე ყველა ქუჩაზე.

რუსთაველზე მივიდნენ ჯგუფებიც, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან პატიმრების მშობლების და მათი მხარდამჭერების მიმართ.

„პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, რუსთაველის გამზირზე შენიშნეს „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც.

გლდანის რაიონის მაჟორიტარი, კოტე ზარნაძე რუსთაველზე ტიტებით მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო, რომ რეჟიმის პატიმრების მშობლები და სხვა მოქალაქეებ მას 9 აპრილის მემორიალთან მისვლის უფლებას არ მისცემდნენ. მასთან ერთად იყვნენ „ქართული ოცნების” მხარდამჭერები.

ზარნაძემ მემორიალამდე მისვლა ვერ შეძლო.

რუსთაველზე ყვავილებით მივიდნენ ტექნკური უნივერსიტეტის რექტორი და უნივერსიტეტის თვითმმრთველობის წევრები. შეკრებილებმა მათაც არ მისცეს მემორიალამდე მისვლის საშუალება.

მემორიალი ყვავილებით შეამკეს აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებმა.

რეჟიმის პატიმრების მშობლებმა და სხვა მოქალაქეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. 04:00 საათზე, იმ დროს, როცა 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ჯარმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო, სიმბოლურად ჩართეს საეკლესიო ზარების ჩანაწერი.

მანამდე აქციაზე შეკრებილებმა დადეს ფიცი, რომ დაიცავენ 9 აპრილის მონაპოვარს და არ მიატოვებენ რეჟიმის პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს.