„რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება ეროვნულ ინტერესებს“ - ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი

პუბლიკა

ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა მაისურაძე გამოეხმაურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ჯერ კიდევ მოქმედი გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის უკან გამოწვევის ამბავს.

პოლოლიკაშვილმა „ოცნების“ მთავრობის მიერ მისი კანდიდატურის გაწვევის მიზეზებზე „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სწორედ მაისურაძეს უკავშირდებოდა. მისი თქმით, „ოცნებაში“ ეწყინათ, რომ ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა მაისურაძე ხელშეკრულებით დაასაქმა და მოითხოვდნენ თანამდებობიდან მის მოხსნას, რის შემდეგაც მაისურაძემ თავად შეწყვიტა მუშაობა.

„ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, გენერალურ დირექტორად 2017 წელს აირჩიეს. ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატება, რადგან საერთაშორისო დონეზე, ასეთ მაღალ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ზურას პიროვნულ ფაქტორს. მე იმ დროს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნულ კამპანიაში.

ქვეყნები მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს ძალისხმევას დებენ იმაში, რომ საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებით მაღალ და მნიშვნელოვან პოზიციებზე მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ტურიზმი მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ქვეყნის უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი ამ პოზიციაზე, იყო უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ზურას აქვს გაკეთებული საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის.

აი ამ ყველაფრის ფონზე ხდება ზურაბ პოლოლიკაშვილის, თითქმის უკვე გამარჯვებული კანდიდატის კანდიდატურის მოხსნა. მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა დასაშვებია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და შესაბამისი პრეცედენტიც არსებობს.

რაც შეეხება რეჟიმის მითითებებს და გადაწყვეტილებებს, რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს“, – წერს ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი.

თეა მაისურაძე ელჩის თანამდებობიდან „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ გადადგა და დაწერა, რომ რჩება საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულად.