რეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა

პუბლიკა

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და მხატვარი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ აბაშიძე ავრცელებს.

რეზო ესაძე 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1956-58 წლებში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად სკოლაში. 1964 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა სტუდია ლენფილმში, ხოლო 1972 წლიდან „ქართულ ფილმში“.

გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ერთხელ“ (1962); „ფრო“ (1965); „ოთხი ფურცელი“ (1966); „წამმზომი“ (1969); „ყოველ შაბათს“ (1973); „წკიპურტები“ (1976); „ერთი ნახვით შეყვარება“ (1980); „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ (1981); „საქორწილო საჩუქარი“ (1982); „ნეილონის ნაძვის ხე“  (1985) და „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“ (2003).

იყო ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.

რეზო ესაძეს სხვადასხვა ავტორის ფილმებში შესრულებული აქვს როლები. მართავდა პერსონალურ გამოფენებს, 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.