რეჟისორი სპექტაკლის ჩანაწერის უნებართვო ჩვენების გამო უგულავას სასამართლოში უჩივის

პუბლიკა

რეჟისორი მიშა ჩარკვიანი ფოთის მერობის კანდიდატ გიგი უგულავას სასამართლოში უჩივის. როგორც რეჟისორი აცხადებს, თავისი სპექტაკლიდან – „მკვდარი ქალაქები“ ფრაგმენტი უგულავამ 19 სექტემბერს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნებართვოდ გამოიყენა და აუდიტორიას უჩვენა. ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ სარჩელი მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში გიგი უგულავა სასამართლოდან წერილს მიიღებს.

„პუბლიკა“ მიშა ჩარკვიანის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგახსენებთ, რომ 2021 წლის 19 სექტემბერს, ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უნებართვოდ, სახელოვნებო ნაწარმოების საჯაროდ ჩვენების ყველა უფლების დარღვევით აჩვენა ნაწყვეტი ჩემ მიერ ფოთის დრამატულ თეატრში 2017 წელს დადგმული სპექტაკლიდან „მკვდარი ქალაქები“.

ფოთი, უდიდესი კულტურული მნიშვნელობის ქალაქი, მიტოვებული და დასაღუპად განწიურულია აქამდე მოქმედი ყველა მთავრობის მიერ. იქ მცხოვრები ადამიანები ვერ იღებენ იმ ელემენტარულ სერვისებს სახელმწიფოსგან, რომელიც მათ ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს. ადგილობრივი რესურსები გაყიდულია, ეკოსისტემა ყოველდღიურად ნადგურდება, აქედან სარგებელს იღებენ ერთეულები, ხოლო მოსახლეობის ცხოვრების დონე არ უმჯობესდება.

ჩემი და დავით ხორბალაძის ნამუშევარი “მკვდარი ქალაქები” სწორედ იმ პრობლემებზე საუბრის დაწყების მცდელობაა, რომელიც ქალაქს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს და ამაზე პასუხისმგებელია როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მთავრობა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სპექტაკლიდან სცენის უნებართვოდ საჯარო ჩვენება არღვევს არამხოლოდ კანონს საავტორო უფლებების შესახებ, არამედ აშორებს სპექტაკლს მის პირველად კონტექსტს, რაც ამ ქმედებას ხდის როგორც კანონსაწინააღმდეგოს, ასევე შეურაცხმყოფელს.

სახელოვნებო ნაწარმოების გაგებისთვის, მისი აღქმისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი შინაარსი, არამედ ის, თუ რა ვითარებაში გეძლევა მისი ნახვის შესაძლებლობა, როგორია კონტექსტი. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამ სოციალურად დატვირთული ნაწარმოების ჩვენება ეწინაადეგება თავად ამ ნაწარმოების შინაარს და ამახინჯებს მის არსს და სახელოვნებო მიზნებს.

თეატრი და საერთოდ ხელოვნება, საკუთარი მნიშვნელობით, ბევრად მეტია ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო აგიტაციის ინსტრუმენტი და მისი მნიშვნელობის ასეთი დავიწროვება სრულიად მიუღებელია ჩემთვის, როგორც სფეროში მომუშავე არტისტისთვის. პოლიტიკოსებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ სახელოვნებო ნაწარმოების, მით უმეტეს დაუკითხავად, საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისგან, რადგან ხელოვნება წარმოადგენს ხალხის, საზოგადოების ნამდვილ ინტერესებს და მოქმედებს ამ ინტერესების შესაბამისად. საავტორო უფლება კი ეკუთვნის ავტორს და სახელოვნებო ნაწარმოების შესრულების ან ჩვენების შესახებ გადაწყვეყილებას იღებს
თავად ავტორი ან თეატრი, ავტორთან შეთანხმებით, ხოლო ამ წესების დარღვევა და თვითნებურად ნაწარმოების გამოყენება ისჯება კანონით.

სარჩელი უკვე მზადდება. აღნიშნულ ფაქტზე დავა აუცილებლად გაგრძელდება სასამართლოში. უახლოეს მომავალში ბატონი უგულავა სასამართლოდან წერილს მიიღებს“, – აღნიშნავს რეჟისორი წერილში.

ჩარკვიანის ინტერესებს სასამართლოში კულტურისა და მედიის სფეროში დამოუკიდებელი პროფკავშირი „გილდია“ დაიცავს. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი ღიად წარმოადგენს ხელოვანის საავტორო უფლებების დარღვევას. ინტელექტუალური საკუთრების სამართლის განსაკუთრებული ცოდნა არ ჭირდება იმას, რომ სახელოვნებო, საავტორო პროდუქტის ასე უნებართვოდ გამოყენება დაუშვებელია.

გიგი უგულავას პოზიციის გასარკვევად „პუბლიკა“ მისი საარჩევნო შტაბის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ რეჟისორს შეუძლია კულტურის მინისტრის „დავალებით სარჩელების წერა გააგრძელოს“.

„მთავარი პრობლემები, რაც მის სპექტაკლში იყო გაჟღერებული, ამას უნდა მოევლოს. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ მთავარია ამას მოუარონ და დანარჩენი მისი გადასაწყვეტია… ჩვენ მოვუვლით, ეგენი არაფრის მომვლელები არ არიან. ხოლო მაგათ წერონ სარჩელები თეა წულუკიანის დავალებით. ხელისუფლება რომ შეიცვლება, ჩვენ მოვუვლით იმ პრობლემებს, რაზეც მის სპექტაკლში იყო საუბარი“, – უთხრეს „პუბლიკას“ უგულავას შტაბში.


„მკვდარი ქალაქები“ მიშა ჩარკვიანისა და დათო ხორბალაძის ნამუშევარია, რომელიც ფოთის დრამატულ თეატრში 2017 წელს დაიდგა.