რეესტრის 300-ზე მეტი თანამშრომელი „ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება და ძალადობას გმობს

პუბლიკა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 300-ზე მეტი თანამშრომელი „ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება და ძალადობას გმობს.

განცხადების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მრავალი წელია, ემსახურებიან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას და მათი ყოველდღიური შრომა მიმართულია უპირველესად, საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ 2028 წლამდე ევორკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს6+9 ეწინააღმდეგება.

„ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობას, ჩვენს ინდივიდუალურ თუ ერთობლივ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას, მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ერთგული ვრჩებით რა საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებისადმი, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მოვუწოდებთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს შეწყვიტონ ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან და ვემიჯნებით ყველა იმ ქმედებასა თუ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება თავად საქართველოს კონსტიტუციასა და კონკრეტულად მის 78-ე მუხლს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადგილი არის ჰუმანურ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გვერდით.

სწორედ იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომლებიც თავად ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა და ამდენად, არ არის მისთვის უცხო. მაშასადამე, მისი ღირსეული ადგილი სწორედ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებაშია”. – აღნიშნავენ საჯარო რეესტრის თანამშრომლები.

ხელმომწერთა სია, რომელიც მზარდია, ნახეთ აქ.