საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელს განიხილავენ, ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ უნდა დაფაროს მედიამ წყარო დეკლარაციის შევსებისას.
საკითხი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებსა და რუსული კანონის პირობებში მათ დაცულობას ეხებოდა.
დევიძის თქმით, „უცხოური ძალის ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დეკლარაციის შევსების დროს მედიის მხრიდან წყაროს დაფარვა „ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია”.
„წყაროს მითითება ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე — ჩვენ ვეუბნებით, რომ ის არ ჩაწერო, წყაროა იყო თუ უბრალოდ გამვლელი. [ვეუბნებით], რომ ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია მიუთითე, მაგრამ რატომ და რის გულისთვის, რა კონტრაქტი გქონდა, ჩამოაყალიბე განსხვავებულად ისე, რომ არ მიუთითო, რომ ეს წყაროა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერა, სოციალური ხარჯი ან რამ… ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია, რომ მიეთითოს იმგვარად, რომ არ გამოჩნდეს, კონკრეტულად რა მიზნით გადაეცა [თანხა].
ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში მიზანი ჩამოაყალიბე ისეთნაირად, რომ არ მოახდინო ამ პირის, მისი კონკრეტული მახასიათებლების იდენტიფიკაცია. მაგალითად, კონკრეტული თანხა გადავიხადე იმისთვის, რომ ინფორმაცია ვიყიდე – ეს არ უნდა ჩაწერო, რომ ინფორმაცია იყიდე და ამისთვის უხდი ფულს. უნდა დაწერო სხვანაირად, მაგალითად, „მივეცი თანხა მხარდაჭერისთვის“ ან „გადავუხადე მომსახურება“. თუ იქნება ბუნდოვანი, საჯარო რეესტრი მიიღებს დანართს და თუ იქნება საჭირო, გადამოწმდება და შეიძლება ჩვენ დავაზუსტოთ ეს საკითხი, მაგრამ ეს არ გამოქვეყნდება, სახელმწიფოს ეცოდინება”, – თქვა დავით დევიძემ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დირექტორი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის სასარგებლო არგუმენტებს წარადგენს.