საჯარო რეესტრმა პრორუსული „ალტ ინფოს" პარტია დაარეგისტრირა

პუბლიკა

საჯარო რეესტრმა პრორუსული „ალტ ინფოს” პარტია დაარეგისტრირა.

გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 22 აპრილს გამოტანა.

პარტიის სახელი იქნება „კონსერვატორები საქართველოსთვის”. თავმჯდომარეა გიორგი ქარდავა.

ალტ ინფოს” რამდენჯერმე შეექმნა პარტიის „კონსერვატორები საქართველოსთვის” რეგისტრაციის პრობლემა – მათი დოკუმენტები რამდენჯერმე დაახარვეზეს. ბოლო ხარვეზის შესახებ ინფორმაცია რეესტრმა 8 აპრილს გამოაქვეყნა.

ერთი წლით ადრე, 2024 წლის 8 აპრილს ჯგუფის პარტია „კონსერვატიულ მოძრაობას“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა. მიზეზად ხარვეზი დასახელდა. კერძოდ, რეესტრის თანახმად, პარტიას 2021 წლის დეკემბერში გამართულ ყრილობაზე მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ გაუკეთებია.

გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2024 წლის 4 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკომ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა წარდგენილი ხელმოწერების ფონზე. როგორც პარტიის წევრები ამბობდნენ, მათ საჭირო 25 ათასი ხელმოწერის ნაცვლად 50 ათასი წარადგინეს.

ალტ ინფოს“ პარტიის გაუქმების შესახებ რეესტრის გადაწყვეტილების შემდეგ მათ „ქართულმა იდეამ“ პარტია აჩუქა. 26 აპრილს რეესტრმა „ქართული იდეის“ გაუქმების პროცესიც დაიწყო. მიზეზად დასახელდა „რეესტრში შესული ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას“.

მაშინ „ალტ ინფომ“ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურდა, მათი სახით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონკურენტი ჰყოლოდა.

ალტ ინფომ” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა „პატრიოტთა ალიანსთან” ერთად მიიღო – ჯგუფის წევრები: გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, ირაკლი მარტინენკო და შოთა მარტინენკო სწორედ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიაში იყვნენ.

ალტ ინფოს” ორგანიზებით თბილისში არაერთი ძალადობრივი, ჰომოფობიური აქცია ჩატარდა. მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი „ღირსების მარშის” წინააღმდეგ „ალტ ინფოს” ორგანიზებით შეკრებილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ აღმართული კარვები დაშალეს. ადგილზე არ ყოფილა პოლიცია.

კარვების დაშლის შემდეგ მათ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს.

იმავე დღეს, ამ ჯგუფებმა დაარბიეს სამოქალაქო  მოძრაობა „სირცხვილიას“ და ლგბტქ+ უფლება დამცველი ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისები. ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მთავარი სამიზნე მედია და ჟურნალისტები გახდნენ. მათი თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა.

2023 წლის 8 ივლისს „ალტ ინფოს” ორგანიზებულმა მოძალადეებმა დაარბიეს „პრაიდ ფესტივალი” ლისზე.