რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში ეროვნული მასშტაბის გამოკითხვა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, პუტინს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას 2036 წლამდე გაუხანგრძლივებს, 1 ივლისს ჩატარდება.
თავდაპირველად რეფერენდუმი 22 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა, პუტინის გადაწყვეტილებით, Covid-19-ის პანდემიის გამო ეს პროცესი გადაიდო. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად დასტაბილურდა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამაც მკვეთრად იკლო, რამაც, მისი თქმით, ხელისუფლებას დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების შესაძლებლობა მისცა.
აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა და რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაამტკიცა. რეფერენდუმის შემდეგ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში პუტინს კიდევ ორი ექვსწლიანი ვადით შეეძლება პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრა, რაც, გამარჯვების შემთხვევაში, მისი ხელისუფლებაში ყოფნის ვადას 2036 წლამდე გაახანგრძლივებს.
„ვიმედოვნებ, რომ მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას”, – განაცხადა პუტინმა.
აპრილში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოკითხულთა 47% უჭერდა მხარს.
ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს იწურება.