რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით შევამცირეთ - ეროვნული ბანკი

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს.

ბანკის ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი ინფლაცია 2.7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4.7 პროცენტამდე შემცირდა.

„ინფლაციის კლებას, დიდწილად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა.

მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია.

შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.

ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. ამავდროულად, ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს გაიმართება.