„რეფორმერფიტნესში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს | შენობასთან აქცია იმართება

პუბლიკა

ბათუმში ფიტნესკლუბ „რეფორმერში“, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, მუშაობა არ შეწყვიტა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა მედიას განუმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 248 პრიმა მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. მისი თქმით, მეტი ინფორმაცია ღონისძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„გაყვანილი იქნა 1 პიროვნება, რომელიც პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გადავიყვანეთ პოლიციის დანაყოფში. დაკავებული მეპატრონე, ბატონი გიორგი არ არის, იღებს მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში“, – განაცხადა ანანიაშვილმა.

„რეფორმერფიტნესი“ შრომის ინსპექციამ კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმა. ფიტნესცენტრმა, აკრძალვის მიუხედავად, საქმიანობა არ შეწყვიტა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა.

„მართლა რამეს რომ ვაშავებდე… ნახეთ რა უქნეს დარბაზსს, მომითხვარეს და ესენი ებრძვიან ვირუსს“, – აცხადებს ფიტნესკლუბის მეპატრონე გიორგი ფუტკარაძე, რომელიც დარბაზში იმყოფება და Facebook-ლაივით მაუწყებლობს. მისი ლაივიდან ჩანს, რომ პოლიცია ტრენაჟორების ფუნქციებით ინტერესდება და, სავარაუდოდ, მათ აღწერას აწარმოებს.

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ფიტნესცენტრის წინ მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები. ისინი პოლიციას შენობაში შეშვებას თხოვენ და აცხადებენ, რომ იქ დარჩენას აპირებენ.

მოგვიანებით ფიტნესკლუბში ზურაბ ჯაფარიძე მივიდა.

„7 საათის წინ ვიქირავე, ეს ჩემი სახლია. თუ რომელიმე შპს-თან გაქვთ პრობლემა, იპოვეთ მისი იურიდიული მისამართი და რაც გინდათ ის უქენით… მე ვარ საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატი, ჩემი დაპატიმრებისთვის ცესკოს უნდა მიმართოთ“, – მიმართა მან სამართალდამცველებს.

21:00-ზე საქართველოში გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდება, რომლის დარღვევა ჯარიმას ითვალისწინებს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ სპორტარბაზის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

დღეს „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რომ სპორტდარბაზ „რეფორმერფიტნესს“ საცხოვრებელ სახლად ქირაობს და ვარჯიშის მსურველებს შეეძლებათ, მასთან სტუმრად მივიდნენ და სასურველი აქტივობით დაკავდნენ. ჯაფარიძე ამბობს, რომ ობიექტის დაჯარიმების საფუძველი ეკონომიკური საქმიანობა გახდა, ანუ ის, რომ სალარო აპარატი მუშაობს. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ის დარბაზს სახლად იქირავებს, შრომის ინსპექციას შეუძლია შეამოწმოს, რომ აქ სალარო აპარატი აღარ იმუშავებს და რეგულაციაც არ დაირღვევა.