„რეგიონებში გვხვდებიან „ოცნების“ ორგანიზებული აგრესიული ჯგუფები“ - ოპოზიციური პარტიის წევრები

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიისთვის და ხალხთან შესახვედრად ჩასულებს აგრესიულად განწყობილი ჯგუფები დახვდათ.

ამის შესახებ საუბრობს როგორც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, ასევე „ლელოს“ წევრებიც. პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბრიფინგიც გამართა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც რეგიონებში დახვდნენ მმართველი პარტიის მიერ მობილიზებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან და საჯარო უწყებებში დასაქმებული პირები.

„ლანჩხუთის ოცნების ოფისთანაც დაამობილიზეს საკრებულოს წევრები და კორდინატორები. უნდა დაგვესიონ და მერე იმედი-პოსტვ მოყვება რომ ხალხი უპირისპირდება ხაბეიშვილს …. რეალურად გაქსუებული ბიუროკრატები ხელფასის და ფულის გამო დამობილიზებულები”, – წერს ხაბეიშვილი Facebook-ზე. ის ასევე ამბობს, რომ ოზურგეთშიც მსგავსი სიტუაცია დახვდათ.

მედიის მიერ გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ლანჩხუთში პარტიის წევრებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ადგილზე შეკრებილი ხალხი. ჩანს პოლიციაც, რომელიც ცდილობს ადამიანების შეკავებას.

პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს ჰქონდათ დაგეგმილი ყვარელში შეხვედრა, სადაც მოსახლეობისთვის უნდა გაეცნოთ ეროვნული თანხმობის მთავრობის იდეა და ასევე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გზები.

„ადგილზე დაგვხვდა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, აგრესიულად განწყობილი ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელი შეეშალა ამ შეხვედრისთვის. ყველანი არიან ინდეტიფიცირებული, ესენი არიან საჯარო მოხელეები და „ოცნების შტაბის აქტიური წევრები”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ასევე აგრესიულად განწყობილ ადამიანებს შორის იყო ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე.

ყვარელში მომხდარზე საუბრობს და ვიდეოკადრებიც გაავრცელა პარტია „ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება. „პუბლიკა“ ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.


ოპოზიციური პარტიის წევრები 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა რეგიონებში შეხვედრებს მართავენ.