რეგისტრაცია დასრულდა - როგორ წარიმართება არჩევნები ენმ-ში

პუბლიკა

პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ამომრჩეველთა  რეგისტრაცია 13 იანვრიდან მიმდინარეობდა და დღეს დილის 10 საათზე დასრულდა.

ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ დარეგისტრირებულია 49 756 ადამიანი. თუმცა წინ არის კომისიის მიერ პირების გადამოწმების ეტაპი და შესაძლებელია, ამომრჩეველთან საბოლოო რაოდენობა შეიცვალოს.

კენჭისყრა 28 იანვარს 10 საათზე დაიწყება და 30 იანვარს დილის 10 საათზე შეწყდება.

პარტია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ელექტრონულად, ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ და კენჭისყრა სრულიად ფარული იქნება.

პარტიის პოლიტსაბჭოს  და საარჩევნო კომისიის წევრი ნინო კვიტაიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ელექტრონული სისტემის გამო კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, მალევე წინასწარი მონაცემები ეცოდინებათ.

როგორ მიმდინარეობდა რეგისტრაცია 

მოქალაქე, რომელიც პარტიის მხარდამჭერია და სურვილი ჰქონდა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, ავსებდა სპეციალურ ფორმას, სადაც უთითებდა პირად ნომერს, გვარს და Facebook-ზე პირადი გვერდის ბმულს.

ნინი კვიტაიშვილი ამბობს, რომ რეგისტრაციის მიმდინარეობს პროცესში პარტიაში შექმნილი სპეციალური საარჩევნო კომისია პარალელურად ამუშავებდა მიღებულ ინფორმაციას, აწარმოებდა ე.წ. გაფილტვრის სამუშაოებს.

„როდესაც რეგისტრირდებოდა ამომრჩეველი, პარალელურად, გუნდურად ვმუშაობდით თითოეულ ამომრჩეველზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიერ საკუთარი ნებით მოწოდებულ ინფორმაციას ვამოწმებდით. მაგალითად, პირადი ნომრითა და გვარით ცესკოს ბაზაში ვამოწმებთ, არსებობს თუ არა ნამდვილად ასეთი მოქალაქე, არის თუ არა სრულწლოვანი და შესაბამისად ხმის მიცემის უფლების მქონე. ამის შემდეგ კი უკვე ვამოწმებთ მის „ფეისბუქ“-ლინკს და ვახდენთ იდენტიფიცირებას, რომ ბაზაში მყოფი ადამიანი და მისი პროფაილი სოციალურ ქსელში ემთხვევა. შემდგომ კი უკვე გადავდივართ მისი პროფილის შესწავლაზე, ანუ რა ინფორმაციას გვაწვდის უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მისი „ფეისბუქ“-გვერდი“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, ეს საჭიროა იმისათვის, რომ გამოირიცხოს ტროლების, ბოტებისა და „ფეიქექაუნთების“ ავტორების მონაწილეობა არჩევნებში. თუ Fecebook-გვერდი გაურკვეველია, არ აქვს ფოტო, ან კომერციული თუ სხვა მიზნითაა შექმნილი, ასეთი ამომრჩევლის მონიშვნა ხდება, როგორც სავარაუდო გასაფილტრი კანდიდატი.

„ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის პოლიტიკურ მრწამსზე. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ეს ინდენტიფიცირებული იყოს. ამიტომ, თუ გაგვიჭირდა ადამიანზე აზრის გამოტანა, ის ამომრჩეველთა სიას დატოვებს. მაგრამ თუ ჩვენ, მხარეთა წარმომადგენლებს გაგვიჭირდა კონსენსუსი რომელიმე ამომრჩეველთან დაკავშირებით, მაშინ ჩაერთვებიან კომისიის წევრები და ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, დარჩება თუ არა ესა თუ ის ამომრჩეველი სიაში“, – ამბობს ნინო კვიტაიშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა თითოეულ რეგისტრირებულზე, გაცხრილული ჯერ არცერთი ამომრჩეველი არაა, გაკეთებულია მხოლოდ  მონიშვნები და მომდევნო 48 საათის განმავლობაში მოხდება სიის დაზუსტება, სანამ კენჭისყრა დაიწყება. ამიტომ შესაძლებელია, ამომრჩეველთა რაოდენობა შეიცვალოს.

ვინ არიან კომისიაში 

სპეციალური კომისია, რომელიც ამომრჩევლებს ამოწმებს და საარჩევნო პროცესზეა პასუხისმგებელი, 9 წევრისგან შედგება, სადაც შედიან როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები, ასევე, თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის წარმომადგენლები.

კომისიაში პარტიის პოლიტსაბჭოს 5 წევრია – ნინო კვიტაიშვილი, გიორგი პატარაია, ლევან ბეჟაშვილი, ლილე ლიპარტელიანი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, გიორგი ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

როდის გახდება ცნობილი საბოლოო შედეგები

ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ მომდევნო 48 საათი რეგისტრირებულთა გადარჩევისა და სიის საბოლოო შეთანხმების ეტაპია. შემდეგ უკვე იწყება ისევ 48-საათიანი კენჭისყრის პერიოდი. მისი თქმით, ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობაც გამოქვეყნდება. კომისიაში იმსჯელებენ იმაზეც, რა პერიოდულობით და როგორ გააცნობენ საზოგადოებას კენჭისყრაზე ამომრჩეველთა აქტიურობის შესახებ ინფორმაციას.

პარტიაში კენჭისყრის დასრულების შემდეგ, 30 იანვრის 10 საათიდან  პირველად შედეგების შესახებ ინფორმაციას მალევე ელოდებიან. დღის ბოლომდე კი, სავარაუდოდ, საზოგადოებას უკვე ეცოდინება ინფორმაცია პარტიის ახალი თავმჯდომარის შესახებ.