ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია დააფუძნა.
პარტიის დაფუძნების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია “ლელო” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.
ის წერს, რომ პარტიის რეგისტრაციის შემთხვევაში, მის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვს.
“რაც შეეხება ალტ-ინფოს პარტიას! კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს. ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.
მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას!” – წერს ნაცვლიშვილი.
ალტ-ინფოს აკრძალვის სამართლებრივ გზებზე საუბრობს ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეც.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით და ამ პროცესის ინიცირება შეუძლია: პრეზიდენტს, მთავრობას და 30 დეპუტატს.
“ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას.
ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა.
ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება.
რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია, ყველაფერთან ერთად”. – წერს გიორგი ბურჯანაძე.
პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა „ექსპო – ჯორჯიაში“ გაიმართა.
დელეგატებმა პარტიის ხელმძღვანელი და მმართველობითი ორგანოები აირჩიეს. ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური ხედვების, საპროგრამო ამოცანების და სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.
პარტიის მიზნებზე დოკუმენტი კი ასე გამოიყურება:
ა) დამოუკიდებელი, სოციალური, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ქრისტიანულ – დემოკრატიული და კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოს ჩამოყალიბება;
ბ) ქრისტიანობისა და მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსის განმტკიცება ქართულ კანონმდებლობაში;
გ) ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება და საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების ახალი წესი, სრული მაჟორიტარული სისტემით და ვადამდე უკან გამოწვევის მქანიზმით, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების რეალურად ხალხის ხელში გადასვლას;
ე)ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ე) კულტურული და ეკონომიკური სტაბილურობა, ახალი საბაზრო ურთირთბების ჩამოყალიბება და სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება;
ვ) მედიისა და განათლების სფეროში გარე ჩარევის აკრძალავა და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული სტრუქტურების საქმიანობის საკანონმდებლო დონეზე კონტროლი;
ზ) სამხედრო მომსახურეების და სამართალდამცავი პირების პრივილეგირება/ შეღავათების დაწესება სამართლიანი იერარქიის გათვალისწინებით;
თ) ქრისტიანული დემოკრატიის დამკვიდრება საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით;
პარტია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პოლიტიკური მსოფლმხედველობის გავრცელების, მხარდაჭერა შემოკრების, არჩევნებში მონაწილეობის, ხელისუფლების განხორციელებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფორმების გამოყენებით;
პარტიის მიზნების განხორციელება ემყარება საქრთველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ზოგდასაკაცობრიო მორალისა და სამართლიანობის პრინციპებს.
—————————
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.