რეგულირების სააგენტოს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს კლინიკაში პაციენტის საჩივარზე - გაბუნია კანონში შესატან ცვლილებაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანაში მოქმედ ყველა, კერძო და სახელმწიფო კლინიკაზე გავრცელდება.

„რეგულირების სააგენტოს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს პაციენტის საჩივარზე, ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება”,- აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია.

„რეგულირების სააგენტოს მთავარი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოება და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვაა. დღეს,როდესაც რეგულირების სააგენტოში პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის საჩივარი შემოდის, სააგენტოს უწევს მიმართოს სასამართლოს . ჩვენი მიმართვის დაკმაყოფილება 72 საათის განმავლობაში ხდება. ამ დრომდე , არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვეღოს სასამართლოსგან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკა გასაჩივრებისთვის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

ამ დროის განმავლობაში, კი იქმნება გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დოკუმენტაციის ან სხვა ტიპის მტკიცებულებების გარკვეულწილად შეცვლას. ეს რეგულირების სააგენტოსთვის არის მნიშვნელოვანი საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დაინახოს ობიექტური სურათი, თუ რა მოხდა კონკრეტულად პაციენტთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ , რეგულირების სააგენტოს სჭირდება ოპერატიული რეაგირების ბერკეტი და ეს ცვლილებები, რაც პარლამენტში განსახილველადაა წარდგენილი, სწორედ ამას ითვალისწინებს.“

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რეგულირების სააგენტოს მანდატი ყველა იმ კლინიკაზე გავრცელდება, რომელსაც სააგენტომ საქმიანობის ნებართვა მიანიჭა.

„რეგულირების სააგენტოს მანდატი ვრცელდება ყველა კლინიკაზე, რომელსაც მან მიანიჭა ნებართვა საქმიანობის ან მიანიჭა ლიცენზია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის. ეს იქნება ყველა კლინიკა, კერძო თუ სახელმწიფო, რომელიც დღეს ქვეყანაში ოპერირებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წყაროდან იღებენ ისინი დაფინანსებას. ჩვენ გვაქვს ერთიანი მარეგულირებელი სივრცე, რომელიც თანაბრად ეხება ყველას , შესაბამისად ცვლილებებიც შეეხება ყველას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

პარლამენტი, დაჩქარებული წესით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.