რეკლამის აკრძალვაზე: წარმოვადგენთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლის ადმინისტრირებაც შესაძლებელია

პუბლიკა

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ონლაინკაზინოების რეგულირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იგეგმება გადასახადების გაზრდა და რეკლამის აკრძალვა. სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა რეგულირებასთან დაკავშირებულ გეგმაზე ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტრო წარმოადგენს ხედვას, რომელიც გულისხმობს დასაბეგრი ბაზრის სრულ ცვლილებას – როგორც რაოდენობრივ, ისე სტრუქტურულ ჭრილში.

„წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი. შემოვა შეზღუდვები, რომლებიც ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას გულისხმობს. ასევე რეკლამის აკრძალვას, რომელიც მიმზიდველობას და ხელმისაწვდომობას ზრდის. ეს არის ის ჩარჩო, რომელიც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული. ეს სექტორი ყველა ქვეყანაში მკაცრად რეგულირებულია“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კითხვაზე – რა ტიპის რეკლამის აკრძალვაზეა საუბარი და როგორ გეგმავს სოციალურ ქსელში რეკლამის აკრძალვას? – უპასუხა, რომ წარმოდგენილი იქნება ისეთი ტიპის შეზღუდვები, რომელი ტიპის შეზღუდვების ადმინისტრირებასაც სახელმწიფო შეძლებს.

 „რეგულირება რეკლამის პრაქტიკულად აკრძალვას გულისხმობს. იქ ერთი ნაწილია რეკლამის, რომელიც ეხება მხოლოდ სპონსორობას, ამაზე მიმდინარე კვირაში გვექნება მუშაობა. არის მიმართულებები სადაც აკრძალვის ადმინისტრირება ეფექტურად არის შესაძლებელი და არის მიმართულებები, სადაც აკრძალვის ეფექტურად განხორციელება შეუძლებელია. წარმოდგენილი იქნება ისეთი ტიპის შეზღუდვები, რომელი ტიპის შეზღუდვების ადმინისტრირებასაც შეძლებს სახელმწიფო“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება გადასახადებზე კითხვას, მისი თქმით, იცვლება დასაბეგრი ბაზრის მთლიანად სტრუქტურა.

„რაც შეეხება გადასახადებს, არა მხოლოდ ერთ გადასახადზეა საუბარი, მთლიანად სტრუქტურას ვცვლით დასაბეგრი ბაზის. სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული საგადასახადო დაბეგვრის, როგორც მოგების მიმართულებით, ისე ფსონების მიმართულებით. აქ შემოვა ახალი დაბეგვრის მექანიზმი, ე.წ. GGR – ის დაბეგვრა, რომელიც ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრას გულისხმობს. აბსოლუტურად განსხვავებული მოდელია დაბეგვრის. აღნიშნული მოდელით საგადასახადო ტვირთი საკმაოდ მაღალი იქნება, იმ ფორმით, რომ ეს შეამცირებს მიმზიდველობას ამ სექტორში ჩართული ადამიანების მიმართ, მოთამაშეებს ვგულისხმობ. საგადასახადო ტვირთი იქნება გაზრდილი. რეგულაციები გამოიწვევს იმას, რომ შემცირდება სექტორში ჩართული ადამიანები, თუმცა, მეორე მხრივ, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოფს, რომ დააბალანსოს დანაკლისი, რომელიც იქნება ბიუჯეტში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.