რეკომენდებულია, რომ აჭარაში მოსახლეობამ ღია სივრცეშიც გამოიყენოს პირბადე - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რეკომენდებულია, რომ მოსახლეობამ აჭარაში ღია სივრცეებშიც გამოიყენოს პირბადე, ვინაიდან რეგიონში ინფექციის გავრცელება მაღალია.

„მივმართავთ აჭარის მოსახლეობას – მოგეხსენებათ, პირბადე მანდატორულია დახურულ შენობებში, მაგრამ, რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდებულია, რომ ღია სივრცეშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ გამოიყენებს, რა თქმა უნდა, ეს დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდებულია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე ისაუბრა დამატებით რეკომენდაციებზე. გამყრელიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდ ქალაქებში, სადაც მობილობა დიდია, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ნაკლებად გავიდნენ გარეთ.

„ის სლოგანი, რაც გაზაფხულზე გვქონდა, „დარჩი სახლში“, ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთის და იმ დიდი ქალაქებისთვის, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს კორპუსებში, ბინებში და ა.შ. ისევ და ისევ ადამიანები, ხანდაზმულები პირველ რიგში და ვისაც აქვს გარკვეული ქრონიკული დაავადებები, რაც შეიძლება ნაკლებად რომ ვიმოძრაოთ ამ პერიოდში. როდესაც ეს რესპირაციული ვირუსების სეზონი მოდის და თანდართვა შეიძლება იყოს სხვადასხვა რესპირაციული ვირუსისა, იგივე, კორონა რესპირაციულ ვირუსისა, სასურველია, რომ ეს ადამიანები იყვნენ სახლებში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მობილობის დაგდების ერთ-ერთი [ფაქტორი] გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებმა ნაკლები იმოძრაონ გარეთ, ნაკლები მივიდნენ იმ შეკრებებზე, სადაც გადადების დიდი რისკი შესაძლებელია იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 297 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი ახალი შემთხვევების რაოდენობა  453-ია.