რეკორდული სიცხისა და ხანძრების გამო ევროპაში ასობით ადამიანია დაღუპული

პუბლიკა

პორტუგალიასა და ესპანეთის შემდეგ რეკორდულმა სიცხემ ევროპის ჩრდილოეთიც მოიცვა და დიდ ბრიტანეთს მიაღწია.

ბრიტანეთში 39.1 გრადუსი ცელსიუსი დააფიქსირეს, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა სინოპტიკოსები 40 გრადუსზე მეტსაც ელოდებიან.

ევროპის სამხრეთში კი, სადაც უკვე დღეებია ანომალიური სიცხეა, ტყის ხანძრები მძვინვარებს.

საფრანგეთში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ათი ათასობით ადამიანს მოუწია ხანძრის გამო სახლების დატოვება.

ესპანეთსა და პორტუგალიაში კი, როგორც BBC წერს, სიცხისგან გამოწვეული ან მასთან დაკავშირებული გარდაცვალების 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ესპანეთში ორშაბათს 43 გრადუსი დაფიქსირდა, პორტუგალიაში კი – 47. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხანძრის საფრთხის მაღალი დონეა გამოცხადებული, მის ნაწილში კი ხანძრების კონტროლქვეშ მოქცევა ახლაც ჭირს.

ხანძრების ჩაქრობას ვერ ახერხებენ ვერც ესპანეთში. ესპანეთში 20-მდე ხანძარი უკვე არაკონტროლირებადია.

ხანძარი მძვინვარებს საფრანგეთშიც, განსაკუთრებით დაზარალდა ჟირონა, სადაც ცეცხლის ჩაქრობას ფრანგი მესაზღვრეები თითქმის მთელი ქვეყნიდან ცდილობენ. ჟირონაში ხანძრის გამო 19 300 ჰექტარი დაიწვა, ქალაქი ბორდო კი კვამლშია გახვეული.

„თავში მხოლოდ ის მიტრიალებს, რომ ეს არის მონსტრი. უზარმაზარი მონსტრი რვაფეხასავით, რომელიც იზრდება და იზრდება, ფართოვდება ყველა მიმართულებით, მაღალი ტემპერატურის, ქარისა და მშრალი ჰაერის გამო. მონსტრი, რომელთან ბრძოლაც ურთულესია“, – თქვა ჟირონის რეგიონის ხელმძღვანელმა, ჟან-ლუკ გლეიზმა ჟურნალისტებთან.

რეკორდულმა სიცხემ მოიცვა ნიდერლანდები, ბელგია და გერმანიაც. ამ ქვეყნებში 39-40 გრადუსს ელოდებიან.