რელიგიური გრძნობების დასაცავად საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება, დაწყებულია მუშაობა - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან დასაცავად. მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მუშავდება.

ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, მისი აზრით, რამდენად სამართლიანია, რომ „ხატის შეურაცხყოფა ისჯებოდეს მხოლოდ 5 დღით თავისუფლების აღკვეთით“. კობახიძეს ნატა ფერაძის დაკავების ფაქტის შეფასება სთხოვეს.

„იცით, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომლის საფუძველზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი რეაგირება, სათანადო რეაგირება, ისეთ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ტაძრების შეურაცხყოფას და ა.შ.

მე ვფიქრობ, საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება იმისთვის, რომ არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს მომავალში შეურაცხყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მას შემდეგ, რაც სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, დააინიციიროს საკანონმდებლო ცვლილება, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის. მოგვიანებით უკვე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მოიცავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასაც.

„ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიციირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის. ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს (მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს).

შედეგად, ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა 10 იანვარს.

24 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ეს თემა ცხადია, საჭიროებს მოწესრიგებას. ეს განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენით მას შემდეგ, რაც განხორციელდა ეს ვანდალური აქტი სამების ტაძარში. შესაბამისად ნებისმიერ კონფესიასთან მიმართებით, თუ საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ვანდალიზმს და ა.შ. საკითხი უნდა მოწესრიგდეს.

ვანდალებს სჭირდებათ დასჯა. თუ ვინმე ვანდალიზმს ჩაიდენს, ის უნდა დაისაჯოს, ამისთვის არის კანონი. სადაც იქნება რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მცდელობა…“, – განაცხადა კობახიძემ.