რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი გეგმავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და რელიგიური შუღლის გაღვივების საკითხის კანონით დარეგულირებას. კობახიძის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ეს თემა ცხადია, საჭიროებს მოწესრიგებას. ეს განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენით მას შემდეგ, რაც განხორციელდა ეს ვანდალური აქტი სამების ტაძარში. შესაბამისად ნებისმიერ კონფესიასთან მიმართებით, თუ საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ვანდალიზმს და ა.შ. საკითხი უნდა მოწესრიგდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ხოლო წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ, რომ ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, ეს კანონი შეიძლება საადამსჯელო ინსტრუმენტად გამოიყენონ, მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ „ვანდალებს სჭირდებათ დასჯა“.

„ვანდალებს სჭირდებათ დასჯა. თუ ვინმე ვანდალიზმს ჩაიდენს, ის უნდა დაისაჯოს, ამისთვის არის კანონი. სადაც იქნება რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მცდელობა… თან ჩვენ პირდაპირ ვთქვით, რომ ავიღებთ საუკეთესო პრაქტიკას, ავიღებთ დასავლურ გამოცდილებას, ევროპულ გამოცდილებას და ამის მიხედვით მომზადდება ეს კანონპროექტი.

ყველას შეუძლია ჩაერთოს კანონპროექტის მომზადებაში და თავად შეუძლიათ დააფიქსირონ არგუმენტირებული მოსაზრებები თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ მე ვერავითარ რისკებს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებები იქნება დაცული, კანონპროექტი მომზადდება კონსტიტუციის ჩარჩოში და დანარჩენი უკვე არის სამუშაო პროცესი“, – თქვა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

ასევე შეკითხვის საპასუხოდ, ხომ არ იქნება ეს კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აღქმული, კობახიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი უფლება ექვემდებარება შეზღუდვას, მაგრამ ადამიანის უფლებები დაცული იქნება.

„ნებისმიერი უფლება ექვემდებარება შეზღუდვას, მთავარია, რომ ეს შეზღუდვა მოხდეს თანაზომიერად“, – თქვა კობახიძემ.