სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
რელიგიათა საბჭო აცხადებს, რომ დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა სალოცავის გახსნის სურვილის გამო. რელიგიური გაერთიანებები მოუწოდებენ ხელისუფლებას, აღიკვეთოს ბუკნარში ჩადენილი დანაშაული, უზრუნველყოფილ იქნას თითოეული ადამიანის უფლება, ჰქონდეს სალოცავი ადგილი და ქსენოფობიურ, სიძულვილის რიტორიკის შემცველ განცხადებებსა და ანტისემიტიზმის გამოვლინებებთან მიმართებით ჰქონდეს ანტისდიკსრიმინაციულ იდა სახელმწიფოებრივი მიდგომა.
რელიგიური ორგანიზაციების განცხადებას გთავაზობთ სრულად:
„ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები შეშფოთებას გამოვთქვამთ საზოგადოებაში მიმდინარე უახლესი მოვლენების გამო.
რელიგიური ნიშნით ადამიანების ან რელიგიური თემის შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია, ასევე დევნის გამოვლინებები შემაშფოთებლად მიება ერთმანეთს.
ჩვენმა საზოგადოებამ თითქმის მდუმარებითა და კრიტიკის გარეშე მიიღო ანტისემიტური გამოსვლების ტალღა რელიგიური პირების მხრიდან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებმაც მკაფიოდ დაგმეს ებრაელი ერისკენ მიმართული სიძულვილის რიტორიკა და ქართულ-ებრაული მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციაზე ალაპარაკდნენ.
შემაშფოთებელია, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველო სახლის გახსნისა და ამ ნიადაგზე მუსლიმებზე განხორციელებეული ძალადობის შემთხვევა. ყოვლად დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის, გამო რომ მათ სურთ ლოცვა და სალოცავის ადგილის გახსნა.
ჩვენ, რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური ორგანიზაციები მივმართავთ ხელისუფლებას:
• სრულად აღკვეთოს სოფელ ბუკნარში რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული;
• უპირობოდ უზრუნველჰყოს თითოეული ადამინის უფლება, ჰქონდეს სალოცავი ადგილი, ილოცოს თავის ტაძარსა თუ მეჩეთში, დაიცვას რელიგიური წესები, უზრუნველყოფილი იყოს რელიგიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უსაფრთხოება;
• ქსენოფობიისა და სიძულვილის რიტორიკის პრობლემებთან, ანტისემიტიზმის გამოვლინებებთან მიმართებით იქონიოს ცხადი, არაორაზროვანი, ანტიდისკრიმინაციული და სახელმწიფოებრივი მიდგომა, იზრუნოს ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაზე.
ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები:
1. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
2. ქართველ მუსლიმთა კავშირი
3. ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია
4. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
5. ევანგელურ–ლუთერული ეკლესია
6. სახარების რწმენის ეკლესია
7. ევანგელისტური ეკლესია
8. ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“
9. ხსნის არმია
10. ევანგელური ეკლესია „ურყევი საფუძველი“
11. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
12. სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება
13. მეგობართა საზოგადება – კვაკერები
14. აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
15. საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
16. მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია