ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული მედიკამენტ „რემდესივირის“ პირველი საცდელი პარტია უკვე საქართველოშია.
მისი განცხადებით, „რემდესივირი“ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, სავარაუდოდ, არაუგვიანეს, ორშაბათისა. მისივე ცნობით, ქვეყანაში შემოტანილია 4 000 შეკვრა მედიკამენტი და მას გამოიყენებენ ყველა კლინიკაში, იმ პაციენტებთან, რომელთაც აღნიშნული მედიკამენტი დასჭირდებათ.
როგორც ცერცვაძე ამბობს, თუკი ექსპერტების შეფასებით მედიკამენტი გაამართლებს, ახალ პარტიას შემოიტანენ იმ რაოდენობით, რამდენზეც იქნება მოთხოვნა.
„არის გარკვეული მოლოდინი იმის, რომ უცებ ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, რაც შეუძლებელი იქნება. ელემენტარულად, ლოჯისტიკურად ვერ აუვლთ. ამიტომ მინდა, ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის და უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის ის წინააღმდეგ ნაჩვენებია და არ შეიძლება მისი გაკეთება ისევე, როგორც ყველა მედიკამენტის.
„რემდესივირი“ ენიშნებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ანუ, ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოიდება, მას „რემდესივირიც“ არ სჭირდება. იმ პაციენტებს სჭირდებათ „რემდსესივირი“ ვისაც ჟანგბადი მიეწოდებათ ნიღბით ან ე.წ. მაღალი ნაკადით.
იმ პაციენტებს, რომელიც წევს რეანიმაციაში და ინტუბირებულია, მასზე „რემდესივირის“ გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ ნაჩვენებია და აი, ეს დავძლიოთ იქნება, რომ ყველა პაციენტის ახლობლის ბუნებრივი სურვილი, რომ ვცადოთ იქნებ, მოუხდეს, ვერ ვცდით იმიტომ, რომ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები და გაიდლაინები ამას უარყოფენ.
გარდა ამისა, კიდევ ერთი დამატებითი შეზღუდვა – „რემდესივირი“ ეფექტიანია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში. შემდეგ ის არ არის ეფექტიანი. თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად, რადგან „რემდესივირი“ არის ანტივირუსული მედიკამენტი. სხვა მექანიზმი მას არ აქვს. ის ვირუსის გამრავლებაზე მოქმედებს და დროზე უნდა მივცეთ პაციენტს, რომ ვირუსი არ გამრავლდეს. 10 დღის შემდეგ ვირუსი ისედაც აღარ მრავლდება ორგანიზმში“, – განმარტავს ცერცვაძე.
ცერცვაძემ ასევე ისაუბრა პროტოკოლის შექმნის პროცესსა და იმ გაიდლაინებზე, რომელსაც საქართველო დაეყრდო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო რემდესივირის გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს, მსოფლიოში ძალიან ბევრი ავტორიტეტული ინსტიტუცია მისი გამოყენების მხარდამჭერია.
„სრულიად ახალი პროტოკოლი შევიმუშავეთ რემდესივირის გამოყენების, რომელიც ძალიან დეტალურია და ეყრდნობა მსოფლიოს წამყვანი გაიდნაილების რეკომენდაციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ყველამ იცის, რომ რემდესივირზე არ არის ერთგვაროვანი შეხედულება. იყო ჯანმოს კვლევა, რომელმაც არ აჩვენა ეფექტიანობა რემდესივირის, ამიტომ ჯანმო არ აძლევს მას რეკომენდაციას. ეს, ერთი შეხედვით, სერიოზული პირობა იყო რემდესივირის გამოყენების საწინააღმდეგოდ.
მაგრამ ჯანმოს გარდა მსოფლიოში არის ძალიან ბევრი ინსტიტუცია, მათ შორის ამერიკის FDA, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი ამ მიმართულებით. ამერიკის ინფექციონისტთა საზოგადოება, ინგლისის, გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ნაციონალური გაიდლაინები და ყველა მათგანი, ჯანმოსგან განსხავებით, რემდესივირს აძლევს რეკომენდაიცას“, – ამბობს ცერცვაძე.
მისივე განმარტებით, პროტოკოლის შედგენისას გამოიყენეს მხოლოდ ის გაიდლაინები, რომლებმაც უკვე იცოდნენ ჯამოს კვლევის შედეგები და ის, რომ ჯანმო უარს ამბობს „რემდესივირის“ გამოყენებაზე, თუმცა მაინც გაუწიეს მედიკამენტს რეკომენდაცია.
„ჩვენ მარტო გაიდლაინების განხილვით არ შემოვფარგლულვართ. გვქონდა სატელეფონო საუბარი მსოფლიოს წამყვან ლიდერებთან, კოვიდის დარგში, ამერიკასა და ევროპაში და თითქმის ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ ჯანმოს პოზიციის მიუხედავად, მათ ქვეყნებსა და ინსტიტუტებში რემდესივირი ფართოდ გამოიყენება და რომ ისინი პირადად უჭერენ მხარს მათ გამოყენებას.
ამასთან, ჩვენ ასე ჩავთვალეთ, რომ თუნდაც არსებობდეს განსხვავებული აზრი, საქართველოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო შემოტანილი რემდესივირი, იმ უბრალო მიზეზით, რომ მსოფლიოში ის ყველასთვის ხელმისაწვდომია და ქართველი პაციენტი რატომ უნდა დაიჩარგოს?! საქართველოშიც უნდა იყოს ის ხელმისაწვდომი და, დაე, ექიმებმა და თავად პაციენტებმა გადაწყვიტონ, ეს მედიკამენტი გამოიყენონ თუ არა. არჩევანის უფლება უნდა გვქონდეს, ამიტომ მისი შემოტანა ყველა შემთხვევაში გამართლებულია. გაამართლებს თუ არა თვითინ რემდესივირი ეფექტიანობით, ამას ვნახავთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.