„რემდესივირის“ შეძენიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა | როგორია წამლის ეფექტი

პუბლიკა

თვეზე მეტი გავიდა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას ამცნო, რომ სახელმწიფომ 4 000 ფლაკონი რემდესივირი 104 ათას დოლარად შეიძინა.

17 დეკემბერს მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით რემდესივირი კლინიკურ ჯგუფთან ერთად იმ პაციენტებზე გადანაწილდება, რომლებზეც პრეპარატის გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება, და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

რამდენმა პაციენტმა გამოიყენა პრეპარატი? რამდენად ეფექტური გამოდგა წამალი? ხომ არ იგეგმება მისი ხელახალი შესყიდვა? – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, შეძენილი 4 000 ფლაკონი 600 ადამიანს ეყოფა. აქედან 100-მდე პაციენტს რემდესივირით უკვე უმკურნალეს. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ექიმებისგან მიღებული ინფორმაციით, მისი გამოყენების შემთხვევათა უმრავლესობაში ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების მდგომარეობა უმჯობესდება, ჟანგბადდამოკიდებულება წყდება და მათი მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება.

მისი ინფორმაციით, წამლის ეფექტი განისაზღვრება იმით, გახდება თუ არა პაციენტი საინტუბაციო. როგორც ის ამბობს, 100 პაციენტიდან „დიდი უმრავლესობა საინტუბაციო არ გამხდარა“.

„რაც შეეხება ეფექტიანობას, ჩვენ არ ვატარებთ კვლევას და არ გვაქვს კონტროლირებული ეფექტიანობა, მაგრამ თუ მას შევაფასებთ მკურნალი ექიმების შთაბეჭდილებებით, ვართ ძალიან კმაყოფილი“, – ამბობს ცერცვაძე და დასძენს – „რამდენადაც ვიცი, იმ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ და წამალი მიიღეს, დამძიმების რაოდენობა გახდა მინიმალური, გაცილებით ნაკლები პაციენტი დამძიმდა და გახდა სარეანიმაციო, ვიდრე ისინი, ვისაც ის არ მიუღია“.

თენგიზ ცერცვაძეს ვკითხეთ მონაცემების შესახებაც – რემდესივირით მკურნალობის შემთხვევაში 100-დან რამდენი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, რამდენის – შემსუბუქდა, რამდენი გარდაიცვალა და ა.შ., მისი თქმით, ამ ეტაპზე კვლევა და შეფასება არ გაკეთებულა და, შესაბამისად, ვერც ზუსტ მონაცემებს დაგვისახელებს. მან აღნიშნა, რომ მკურნალ ექიმებზე დაყრდნობით მომზადდება შეფასება, სადაც თავმოყრილი იქნება მსგავსი მონაცემები. შედეგების შეჯამებას კი დაიწყებენ მაშინ, როდესაც ნამკურნალევი პაციენტების რაოდენობა 200 ადამიანს მიაღწევს.

„კვლევა არ იგეგმება, ის უკვე მთელ მსოფლიოში ჩატარებულია და ეს მედიკამენტიც ჩვეულებრივ ისეა შემოტანილი, როგორც ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკი ან მედიკამენტი, რომლისთვისაც კვლევა არ ტარდება. იგეგმება შეფასება ექიმების მიერ. ხომ იციან ექიმებმა, დაახლოებით როგორ მიდის მათთან ავადმყოფობა, რამდენი ადამიანი დამძიმდა, ვინც არ მიიღო „რემდესივირი“ და რამდენი დამძიმდა – ვინც მიიღო. რამდენი გარდაიცვალა მათგან, ვინც ეს პრეპარატი მიიღო – მათ შორის. გაკეთდება ეს შეფასება, კვლევა არ ჩატარდება. შეფასებაც საკმარისია, რომ წარმოდგენა შეიქმნას, როდესაც მრავალი კლინიკიდან ექიმების შეფასებებს შევკრებთ“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ამ დრომდე იმ პაციენტებს შორის, რომლებმაც ამ პრეპარატით იმკურნალეს, გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა.

მისივე თქმით, „რემდესივირით“ მურნალობისთვის უკვე შემუშავებულია დეტალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც არსებობს მკურნალობის რამდენიმე წინაპირობა:

  • დაავადების დაწყებიდან არ უნდა იყოს გასული 10 დღეზე მეტი.

„ასეა ნაჩვენები ოფიციალურად მსოფლიოს გაიდლაინებსა და რეკომენდაციებში, რადგან ეს არის ანტივირუსული მედიკამენტი, რომელიც წყვეტს ვირუსის გამრავლებას და კოვიდის ვირუსული ფაზა გრძელდება 10 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში მრავლდება ვირუსი და იწვევს დაზიანებას, 10 დღის შემდეგ ვირუსი უმეტეს შემთხვევაში აღარ მრავლდება და იწყება სხვა ფაზა და 10 დღის შემდეგ რომ მიიღოს პაციენტმა წამალი, არანაირი ეფექტი აღარ ექნება“, – განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

  • რემდესივირს უნიშნავენ მხოლოდ ჰოსპიტალიზებულ, ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს

„სახლში დარჩენილ, მსუბუქ შემთხვევებზე ეს პრეპარატი არ ინიშნება. წამალი მოუხდება ისეთ პაციენტსაც, რომელიც არ საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას. მაგრამ ასეთია მსოფლიო რეკომენდაცია, რომ მსუბუქ ავადმყოფებზე ეს მედიკამენტი არ დაიხარჯოს, რადგან მსუბუქი პაციენტები მის გარეშეც გამოჯანმრთელდებიან. ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი კი უფრო დამძიმების და შესაძლოა გარდაცვალების პოტენციური კანდიდატია.

  • პრეპარატი არ გამოიყენება ინტუბირებულ (ხელოვნური სუნთქვის აპარატთან მიერთებულ) პაციენტებზე;
  • პრეპარატი არ გამოიყენება თუ ადამიანს თირკმლის უკმარისობა აქვს და ზედმეტად დაქვეითებული აქვს ფილტრაციის ფუნქცია.

„თუმცა, საბედნიეროდ, კოვიდის დროს ასეთი პაციენტები თითქმის არ გვხდება“.

  • პრეპარატი არ გამოიყენება ორსულებზე;
  • პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებზე, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ღვიძლი და რომელთა ALT და  AST მაჩვენებელი ნორმაზე 5-ჯერ მეტია.

თუ კლინიკების მხრიდან წამალი დადებითად შეფასდება და მოთხოვნა გაჩნდება, თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ პრეპარატი კვლავ შეისყიდონ: „დიდი ალბათობით, წინასწარი მონაცემებით, ასეთი მოთხოვნა იქნება“.

მოკლედ რემდესივირის შესახებ

ანტივირუსული პრეპარატის, რომელიც 2014-2015 წლებში ებოლას საწინააღმდეგოდ შეიქმნა, COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ოქტომბერში აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) რემდესივირი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად დაამტკიცა. ადმინისტრაციის განცხადებით, რემდესივირის დამტკიცებას წინ უძღოდა მონაცემთა ანალიზი, რომელიც რამდენიმე კლინიკური კვლევის შედეგს ეფუძნება. იაპონიამ კი რემდესივირი Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატად ჯერ კიდევ მაისში დაამტკიცა.

ნოემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციით კი, რემდესივირი არ უნდა გამოიყენონ ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, რადგან პრეპარატი „ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას“ პაციენტების სიკვდილიანობის შემცირებასა და სწრაფი გამოჯანმრთელების პროცესზე.

საქართველოში დარგის სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯანმოს მიერ დაწუნებულ „რემდესივირში“ გადახდილი თანხა უფრო ეფექტური მიმართულებით შეიძლებოდა დახარჯულიყო. თენგიზ ცერცვაძე კი მიიჩნევს, რომ წამლის საფასური ვირუსის სამკურნალოდ გაწეულ სხვა ხარჯებთან შედარებით ძვირი არ არის.