რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი შეუცვალა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ შალვა იაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეუცვალა და 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება გრძელდება და საბოლოო განაჩენი სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შალვა იაშვილი 25 აპრილს მას შემდეგ დააკავეს, რაც რენატა ბეგიაშვილმა თავისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მეუღლის მხრიდან ძალადობაზე დაწერა.

შსს-ს გამოძიების ვერსიით, 22 აპრილს ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

იაშვილს ბრალდება სსკ-ის  126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.