რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავეს - პროკურატურა

პუბლიკა

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით, მისი მეუღლე დააკავეს, მას პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.


რენატა ბეგიაშვილმა 24 აპრილს Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და აღნიშნა, რომ მასზე ქმარმა, შალვა იაშვილმა იძალადა.