პროპაგანდისტული არხის POSTV-ის წამყვანი, ბაჩო ოდიშარია აცხადებს, რომ გახდა კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსი მოადგილე.
ოდიშარიასთან ინტერვიუ დღეს კინოცენტრში „ფორმულამ“ ჩაწერა.
ოდიშარია ამბობს, რომ რეორგანიზაციის საკითხში ჩაერთვება, შეისწავლის, როგორ მოქმედებს და ფუნქციონირებს კინოცენტრი და გაიგებს, ვის რა პრობლემა აქვს და ეცდება ამის გამოსწორებას.
„იმასაც გავარკვევ, რატომ არის ეს პროტესტის საგანი, წარმოდგენა არ მაქვს, არგუმენტი არ მომისმენია.
კულტურის სამინისტროს ეკუთვნის კინოცენტრი, მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ია. ვიცი, რომ წელიწადზე მეტია, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არის აქ, აქამდე მსგავსი პროტესტი არ ყოფილა, ახლა რამ გამოიწვია პროტესტი, გავერკვევი. პროტესტის გამომხატველი ადამიანი როცა მოვა, დღეს ასეთი არ ყოფილა, მერე გავერკვევი“, – თქვა ოდიშარიამ.
კინოცენტრის თანამშრომლების თქმით, დღეს კინოცენტრში იმყოფებოდა ასევე ახალდანიშნული დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც მედიასთან არ გამოჩენილა.
კინოცენტრის თანამშრომლების ნაწილი გამოცხადებულ რეორგანიზაციას აფასებს მცდელობად, მოექცეს კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ და კინოცენტრის ბერკეტი სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს.
ისინი მოითხოვენ, კონკურსის გზით დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და მისი შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან, პროცესი კი იყოს ღია და გამჭვირვალე.
კინოსექტორის წარმომადგენლები მეორე დღეა, კინოცენტრში იკრიბებიან.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.