რეპერი „მასტერი": ქეთი მელუა ჩვენი დუეტის წაშლას ითხოვს

პუბლიკა

რეპერი „მასტერი: ამბობს, რომ მომღერალი ქეთი მელუა მათი დუეტის წაშლას ითხოვს.

„ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე“. – ამბობს „მასტერი“.

მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტი გამოხატა ფაქტზე, რომელიც ეხებოდა ნანი ბრეგვაძის „დრაგ ბოლზე“ მიწვევას.

„მე არ ვდგავარ ადამიანების წინააღმდეგ ვინც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს. მე ვარ წინააღმდეგი პროპაგანდისა და იმ ორგანიზების რომლებიც, არა თუ ადამიანების უფლებებზე ფიქრობენ, არამედ ფინანსდებიან მხოლოდ იმ მიზნით რომ მეტ ადამიანში გამოიწვიონ დაპირისპირება, ზიზღი, მოახდინონ ჩვენი ტრადიციებისა და დაუწერელი წესების შეცვლა, ყველაფერი დაიყვანონ პრიმიტიულ დონემდე და ეს ყველაფერი წარმოაჩინონ მათი სტანდარტებით, სადაც ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანი ბნელი და აგრესორია, ხოლო ადამიანი რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა – თანამედროვე და ნათელ მხარეს დგომი“. – ამბობს რეპერი.

დუეტი, სახელად Tbilisi London, ერთი თვის წინ აიტვირთა იუთუბზე და ახლაც იძებნება.

რაც შეეხება „დრაგ ბოლს“ და ნანი ბრეგვაძეს – გასულ წელს „დრეგ ბოლის“ ორგანიზატორებმა სცენაზე ნანი ბრეგვაძის გამოსვლა დაანონსეს, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ  მომღერალი  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსვლას ვერ შეძლებდა.

(პუბლიკა ემიჯნება ჰომოფობიური შინაარსის განცხადებებს)