რეპორტიორები საზღვრებს გარეშე შსს-ს: დაუსვით წერტილი მედიაზე ძალადობას

პუბლიკა

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ეხმაურება 19 ნოემბერს საპროტესტო აქციების გაშუქების დროს „მთავარი არხის”, „პუბლიკის” და „OC media”-ს ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას და მუშაობაში ხელის შეშლას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, „წერტილი დაუსვას ამ ძალადობას”.

ჟურნალისტებზე ძალადობაზე გამოხმაურებისას ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ გამოაქევყნა განცხადება, რომელიც  ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის ცხრა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მოამზადა და 25 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა.

მასში მითითებულია, რომ საქართველოს დემოკრატიისგან დაშორება ახლა მის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს, პრესის თავისუფლებას ანადგურებს.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საქართველოში მედიის უკიდურესი პოლარიზაცია, მზარდი რეპრესიული კანონმდებლობა და ჟურნალისტებზე ვერბალური და ფიზიკური ძალადობა მათ მშვიდად მუშაობაში ხელს უშლის.

„სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტები ხშირად გამოიყენებიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო ჯგუფებისა და მედიების დისკრედიტაციისთვის. მტრული გარემო და დაუსჯელობა, რომლითაც მუქარასა და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები სარგებლობენ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოქალაქეების უფლებას, მიიღოს სანდო ინფორმაცია“. – ნათქვამია განცხადებაში.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში პრესის „თავისუფლების მდგომარეობის გაუარესება მუქარების, შევიწროების, შეურაცხყოფის, ძალადობრივი სასამართლო პროცესების, თვალთვალის ფონზე”.

„ჩვენ ვართ ჟურნალისტებზე მზარდი მუქარების მოწმე. ამ შოკისმომგვრელი მოვლენებისა და პრორუსული დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე, RSF მოუწოდებს დემოკრატიული ცვლილებებისკენ. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა, განსაკუთრებით „ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ახლა ხელისუფლებას ფლობს, უნდა გასცეს გარანტიები, რომ პატივს სცემს ქვეყნის ვალდებულებებს ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მოქალაქეების უფლებებთან დაკავშირებით, მიიღოს სანდო ინფორმაცია”. – ნათქვამია განცხადებაში.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ასევე აცხადებს, რომ შეხვდნენ დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლებს და მათგან დაუცველობის განცდების შესახებ მოისმინეს. „ვინაიდან მათი ბედი საპალამენტო არჩევნებზე კიდია”. – წერს ორგანიზაცია.  – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც დაკოპირებულია რუსული კანონმდებლობიდან, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის როგორც მედიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების არსებობას”.