ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში საუბარია რეპრესიულ კანონებზე, მედიის დევნაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მომიტინგეებზე ძალადობაზე.
ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რადგან მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას და კრიტიკული მედიის გაჩუმებას.
HRW წერს, რომ ხელისუფლება ასევე უხეშად ერეოდა მეტწილად მშვიდობიან საპროტესტო აქციებში.
„ეს ზომები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, აგრეთვე თანასწორობისა და არადისკრიმინაციული გარემოს დაცვის შესახებ“. – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლის მარტში მიღებული ახალი კანონმდებლობა „უცხოური აგენტების“ შესახებ ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებსა და პირებს დარეგისტრირდნენ სახელმწიფო რეესტრში და აწესებს მძიმე საანგარიშგებო ვალდებულებებს, რასაც თან ერთვის სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარა.
ორგანიზაცია მიუთიტებს, რომ სხვა რეპრესიული ცვლილებები მოითხოვს ხელისუფლების თანხმობას ყველა უცხოურ გრანტზე და კიდევ უფრო ზღუდავს მშვიდობიან პროტესტს, დამოუკიდებელ მედიასა და სიტყვის თავისუფლებას. ხელისუფლებამ ასევე დაამტკიცა ტერმინების: „გენდერი“ და „გენდერული თანასწორობა“ ამოღება ყველა კანონიდან და გააუქმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
Human Rights Watch წერს, რომ ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი რეპრესიებისა და ოპოზიციის ნაწილობრივი ბოიკოტის ფონზე ჩატარდა.
ორგანიზაცია საუბრობს 4 ოქტომბრის მოვლენებზეც.
„არჩევნების დღეს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის გასაპროტესტებლად. დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა, როდესაც ზოგიერთი მომიტინგე პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას შეეცადა. პოლიციამ 60-ზე მეტი ადამიანი დააკავა ძალადობრივი გადატრიალების წაქეზებისა და კონსტიტუციური წესწყობის შეცვლის მცდელობის ბრალდებით“. – ნათქვამია ანგარიშში.
HRW-ის ანგარიშში ასევე მიმიხილულია საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა. ~
„ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა დაგმეს უკანდახევა, როგორც „თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე“ და აღნიშნეს, რომ საქართველოს გაწევრების პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია“.
მათ მოუწოდეს საქართველოს, შეწყვიტოს რეპრესიები და გააუქმოს რეპრესიული კანონები. იანვარში ევროკავშირმა შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ასევე დააწესა სამგზავრო შეზღუდვები მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე. ივლისში ბრიუსელმა გააფრთხილა საქართველო მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ, თუ ქვეყანა ვერ შეასრულებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ძირითად ვალდებულებებს. ნოემბერში გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო „კიდევ უფრო დაშორდა ევროკავშირის გზას“ და უწოდა მას „კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელწოდებით“.
Human Rights Watch-ის ანგარიშში ნახსენებია ის, რომ ივნისში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე რვა წამყვანმა ორგანიზაციამ მიიღო სასამართლო განჩინება, რომელიც მოითხოვდა უამრავი დოკუმენტის წარდგენას, მათ შორის სენსიტიურ და კონფიდენციალურ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა შესახებ, რომლებმაც უფასო იურიდიული დახმარება მიიღეს.
HRW მიუთითებს, რომ აგვისტოში ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომელიც პასუხისმგებელია „უცხოური აგენტების“ კანონის აღსრულებაზე, რვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან შვიდს გაუგზავნა შეტყობინება, სადაც ითხოვდა განმარტებას აგენტებად არდარეგისტრირების გამო და აფრთხილებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ბიურომ შემოწმების შეტყობინებები ათობით სხვა ორგანიზაციასაც გაუგზავნა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მარტში ხელისუფლებამ დააყადაღა სამოქალაქო საზოგადოების ხუთი ჯგუფის, მათ შორის „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა“ და „სირცხვილიას“ საბანკო ანგარიშები, იმ ყალბი ბრალდებით, თითქოს მათ დონორების სახსრები 2024 წლის აქციების დროს მომიტინგეების დასახმარებლად გამოიყენეს. აგვისტოში ანგარიშები დაუყადაღდა კიდევ შვიდ ცნობილ ორგანიზაციას (მათ შორის: ISFED, IDFI, GDI, „საფარი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და „დემოკრატიის მცველები“) „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
ორგანიზაცია საუბრობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებზე.
HRW წერს 2024 წლის პროტესტზე, რომელიც მოჰყვა „ქართული ოცნების“ 2024 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი.
„პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სასტიკი და გადამეტებული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. სპეცრაზმელები და ხელისუფლებასთან ასოცირებული არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ ოპოზიციონერ აქტივისტებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. დაშავებულები აღწერდნენ თავის ტრავმებს, მოტეხილობებსა და სხეულზე არსებულ მრავალრიცხოვან დაზიანებებს. ზოგიერთმა ქალმა მომიტინგემ განაცხადა, რომ პოლიცია მათ სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.
პოლიციელებს ეკეთათ ნიღბები და არ ჰქონდათ საიდენტიფიკაციო ნიშნები, რაც აფერხებდა პასუხისმგებლობის დაკისრებას. მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო რამდენიმე გამოძიება პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ ყოფილა იდენტიფიცირებული ან დასჯილი. ამავე დროს, ხელისუფლებამ ასობით მომიტინგეს წაუყენა ადმინისტრაციული ბრალდება და ათობით პირი ყალბი სისხლისსამართლებრივი ბრალდებით გაასამართლა“. – ვკითხულობთ ანგარიშში.
Human Rights Watch საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებაზეც. ანგარიშში მითითებულია, რომ სასამართლომ რვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა მმართველი პარტიის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო.
„სექტემბერში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, რასაც მოგვიანებით „გადატრიალების წაქეზების“ ბრალდება დაემატა“. – წერს HRW.
ანგარიშში საუბარია გამოხატვის თავისუფლებასა და მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
კერძოდ იმაზე, რომ აპრილში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომლითაც აიკრძალა მაუწყებლებისთვის ყოველგვარი უცხოური დაფინანსება და გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები კონტენტის რეგულირების კუთხით. ადგილობრივი ჯგუფების შეფასებით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის დახშობას.
„აგვისტოში სასამართლომ დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს განაჩენი შეაფასეს, როგორც „პოლიტიზებული და არაპროპორციული“. – აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.