რეპრესიული კანონების გაუქმება, პატიმრების გათავისუფლება — რეკომენდაციები საქართველოს გაეროს საბჭოზე

პუბლიკა

26 იანვარს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მექანიზმის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში (2021-2025) განიხილეს.

ანგარიში „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და „ოცნების“ პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ქეთი ცინცაძე.

ხათუნა თოთლაძემ თავის მოხსენებაში თქვა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში ლიდერია მრავალი მიმართულებით. კერძოდ, თოთლაძის მტკიცებით, „ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა კანონის უზენაესობა და დაამყარა ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი. „ოცნების“ მაღალჩინოსნის თქმით, ეს მრავალ საერთაშორისო რეიტინგშია ასახული.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაზრდილია საქართველოს ეკონომიკა, შემცირებულია სიღარიბე და ქვეყანას აქვს კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში.

ხათუნა თოთლაძემ ისაუბრა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ზომები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. მან ასევე ისაუბრა კანონზე შშმ პირთა შესახებ. მან ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვაზე.

თოთლაძემ დადებითად წარმოაჩინა განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება თანაბრად უზრუნველყოფს განათლებაზე ხელმისაწვდომობას ყველასთვის, ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით. ასევე თქვა, რომ ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ მედია, რომელიც ინფორმაციას მათ ენაზე გადასცემს.

„ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ შემცირდა საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა, რაც მისი შეფასებით, აჩვენებს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

ხათუნა თოთლაძემ ილაპარაკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თქვა, რომ ორივე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და თქვა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს ეკისრება.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები და საქართველოს რეკომენდაცებით მიმართეს.

მაგალითად, ლუქსემბურგის წარმომადგენელმა ანა გოდერტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო.

„ჩვენ კონსტრუქციული სულისკვეთებით გვსურს, გავცეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  1. გააუქმეთ ყველა ბარიერი, რომელიც იქმნება გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების და მედიის თავისუფლების უფლების განხორციელებისას. უზრუნველყავით, რომ ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადობის წარმომადგენლებმა შეძლონ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა.
  2. გააძლიერეთ ნაბიჯები უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენასთან და სიძულვილის ქმედებების წინააღმდეგ. ეს ეხება შშმ პირებს, მიგრანტებს, ლგბტქ ადამიანებს და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებს.
  3. გააძლიერეთ ქალები, განსაკუთრებით სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით.
  4. ხელი შეუწყვეთ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ინკლუზიური წვდომა განათლებაზე, განსაკუთრებით ბოშათა თემში“.

რეკომენდაციები წარმოადგინა მალტამაც – რენდოლფ დე ბატისტამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, გააუქმონ „ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში შემავალი ანტი-ლგბტქ დებულებები“, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებათა ჯგუფების დაცვა, ასევე, გააუქმონ შემზღუდავი დებულებები „აგენტების შესახებ კანონში“.

პოლონეთის წარმომადგენელმა მიროსლავ ბროილომ თქვა, რომ საქართველოს მიმართ პოლონეთის რეკომენდაციაა, გააუქმოს FARA, რომელიც ძირს უთხრის გამოხატვის, შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლებას; ასევე, მოუწოდა, გამოიძიოს საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების მიმართ უფლებების დარღვევის შემთხვევები, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალის გადამეტებულად გამოყენების შემთხვევების ჩათვლით; მან ასევე მოუწოდა საქართველოს, გაათავისუფლოს ყველა დაკავებული ჟურნალისტი და პოლიტიკოსი; შექმნას უსაფრთხო გარემო მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის; მიიღოს ზომები ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ; უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე წვდომა ჰქონდეთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს.

გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე გააკეთა აქცენტი პორტუგალიის წარმომადგენელმა მარია ეხარკე ალბუკერკემ.

რუმინეთის წარმომადგენელმა, სორანა პოპამ რომ რუმინეთი შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განხორციელებული დევნითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებით, რაც უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებით გამყარდა. რუმინეთმა მოუწოდა საქართველოს, გამოიძიოს დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობა, წამება და ძალაუფლების გადაჭარბებით გამოყენება და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული არაერთი რეპრესიული კანონი გააკრიტიკა შვედეთმაც. მისმა წარმომადგენელმა ანა კიაერმა თქვა, რომ შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობის ჩათვლით, ასევე, დისკრიმინაციით გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.

შვედეთმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, გააუქმოს ყველა კანონი, რომელიც ზღუდავს საქართველოში მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას: გამჭვირვალობის კანონი, FARA, გრანტების შესახებ კანონი, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებლების შესახებ კანონში. მისი მოწოდება ასევე იყო ჰომოფობიური კანონის გაუქმება; ასევე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის შემთხვევები. შვედეთი ასევე მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და შეაჩეროს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და სასამართლო პროცესები მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ.

რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობისკენ მოუწოდა საქართველოს უკრაინამ.

საქართველოს მუშაობა დადებითად შეაფასა რუსეთმა. ქვეყნის წარმომადგენელმა, რუსლამ სტროგანოვმა თქვა, რომ რუსეთი დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შესრულების გზაზე და საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის გაუმჯობესება.

„საქართველოს მიმართ ჩვენი რეკომენდაციაა, გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ჩვენ მხედველობაში ვიღებთ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, პოლიციის რეფორმირებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და რეკომენდაციას ვუწევთ ამ მუშაობის გაგრძელებას.

ჩვენ მხედველობაში ვიღებთ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ბავშვების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულების უფლებების დაცვისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საკანონმდებლო დონეზე მოსახლეობის ამ ჯგუფების უფლებების დასაცავად.

საჭიროა მთავრობის დამატებითი ძალისხმევა პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ციხეებში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას“, – თქვა რუსეთის წარმომადგენელმა.

სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წინააღმდეგ მიმართული კანონების, ასევე, ანტი-ლგბტქ კანონის გაუქმებისკენ, ასევე, მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი პროტესტის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ ავსტრალიამ.

საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების, რეპრესიული კანონების და პოლიტიკური პატიმრების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს ნიდერლანდების, ჩრდილოეთ მაკედონიის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის წარმომადგენლებმა და გამოვიდნენ აღნიშნული კანონების გაუქმების მოწოდებით.