რექტორის კაბინეტის ძალისმიერად დაკავების საქმეზე თსუ-მ სტუდენტებს საყვედური გამოუცხადა

პუბლიკა

10 ივნისს თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტის ძალისმიერი გზით დაიკავების საქმეზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ სტუდენტებს საბა ქერქაძეს, გიგა ქურდაძესა და სერაფიმე მეტრეველს საყვედური გამოუცხადა.

საბჭომ დღეს შესაძლო დისციპლინური გადაცდომა 3 სტუდენტის მიმართ განიხილა.

რექტორის კაბინეტის ძალისმიერი გზით დაიკავების ფაქტის გარდა, საბჭომ ასევე იმსჯელა პროფესორ რამარ ხომერიკის მიმართ მოპყრობის ფორმაზეც. კერძოდ, თსუ-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ იმ დროს, როდესაც სტუდენტები რექტორის კაბინეტთან აქციას მართავდნენ და კაბინეტში შესვლას ცდილობდნენ, რამდენიმე სტუდენტი პროფესორ რამაზ ხომერიკს იძულებით ატოვებინებდა ტერიტორიას.

როგორც საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთმა სტუდენტმა აღნიშნა, პროფესორი ამ მოვლენების დროს შეუძლოდ გახდა და ის ტერიტორიას განარიდეს. ფორმასთან დაკავშირებით კი მას ბოდიში იმ დღესვე მოუხადეს.

განხილვის პარალელურად უნივერსიტეტში შეკრებილნი იყვნენ სტუდენტური მოძრაობის წევრები. ისინი საბჭოზე ამ საკითხის განხილვას სტუდენტების დაშინების მცდელობად აფასებენ.

მაისის სტუდენტური მოძრაობის განცხადებით, ინდივიდუალურად გამიზნული ბრალდება არასამართლიანია, რადგან ამ საპროტესტო ტალღაში ყველანი ირყვნენ  ჩართულნი და პასუხისმგებლობაც ყველას ერთობლივად ეკისრება.

„ჩვენი ყოველი ნაბიჯი გადადგმული იყო ერთობლივი შეთანხმებით, ამიტომაც, საბჭოს მიერ სტუდენტების დასჯა არ მოხდება! თუკი შედგება საბჭო, მაშინ მის წინაშე ყველა ჩვენგანი წარსდგება! მათ სურთ ჯოხის ერთეულებზე გადატეხა, რითაც სტუდენტური წინააღმდეგობას დაშინებას ცდილობენ! ჩვენ ერთად ვდგავართ, ხოლო დაშინება კი ვერ მოხდება, სანამ სიმართლე ჩვენ მხარესაა”, – ნათქვამი იყო მათ განცხადებაში.


საუბარია 10 ივნისს მომხდარზე, როდესაც თსუ-ის სტუდენტურმა მოძრაობამ რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტი ძალისმიერი გზით დაიკავა.

ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვდნენ. სტუდენტები ასევე მოითხოვენ ცვლილებას რექტორის არჩევის წესშიც.

პროტესტი თსუ-ში სასწავლო პერიოდის, შემდეგ კი გამოცდების ჰიბრიდული რეჟიმით ჩატარების მოთხოვნას მოჰყვა.

სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის თქმით, აუდიტორიებში სწავლების დაწყების გადაწყვეტილებამ განათლების პროცესის მიღმა დატოვა ათასობით სტუდენტი – ისინი, ვინც ვერ მოახერხა ბინების გაორმაგებულ ფასებთან გამკლავება.

მათი მოთხოვნები იყო:

1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!
2. ფინანსური გამჭვირვალობა!
3. მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილება!
4. რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება!

აღნიშნული მოვლენების შემდეგ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა გიორგი შარვაშიძეს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის რექტორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.

25 სტუდენტებმა დატოვეს რექტორის კაბინეტი. გაეცანით მათ განცხადებას ვრცლად: