„რესპუბლიკელების“ ლიდერებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

„პუბლიკას“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მიაწოდეს.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს 6 ივნისს რუსთაველის გამზირზე 2 პირი დაესხა თავს.

როგორც დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებენ, აღნიშნული პირები მათ პოლიტიკური საქმიანობის გამო აგინებდნენ და შემდგომ მათ ხელითაც შეეხნენ.

„მე არ ვიცი, შემთხვევით გადაგვაწყდნენ თუ აქ დაგვხვდნენ, ყოველ შემთხვევაში, აშკარად მიზანმიმართულად წამოიწყეს ლაპარაკი ჯერ სხვა თემებით, რომ აი, მე დაზარალებული ვარ და გომურს რომ იცავთ, 6 მაისს მეც დავკარგე თვალი, მაგრამ ჩემზე რატომ არ ლაპარაკობთ… გამახსენდა, რომ 2009 წლის 6 მაისზე ლაპარაკობს ბატონი ხომასურიძე, როგორც მითხრა გვარი.

მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენ წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აყევით. მე ვუთხარი, ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე, აქ ვერ გაივლითო, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას.

მალე გავარკვიე, ეს ბატონი ხომასურიძე იმ წრის და იმ კამპანიისაა, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რომ გადიოდა, რომ მივედი და დამხვდნენ, ეს იმათში იყო. ეს არის ორკების წარმომადგენელი და ვნახავთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება“, – განაცხადა დათო ბერძენიშვილმა.