ნამახვანჰესის წინააღმდეგ დღეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება. აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია. რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში სცენა ეწყობა.
დედაქალაქში აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები რეგიონებიდანაც ჩამოდიან.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
აპრილში რიონის ხეობის მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის პროცესი ვერ შედგა. დიალოგის დაწყებისთვის აქტივისტებმა 3 პირობა დაასახელეს: შემწყდარიყო ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, პოლიციას აეღო სოფელ გუმათთან განთავსებული ბარიკადები და მათ მისცემოდათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილებისა და პროტესტის შესაძლებლობა.
ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო:
► კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება;
► კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს;
► კომპანია გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს;
► „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას.
► პროცესში ჩაერთვებოდა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელიც „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.
აღნიშნული წინადადება რიონის ხეობის მცველებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. მათი თქმით, დიალოგი იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული, თუ ამ პროცესში გადაწყდებოდა ჰესის აშენება/არ აშენების საკითხი. მათივე თქმით, მთავრობის პასუხში ამგვარი დაშვება გათვალისწინებული არ იყო. ამასთან, მათ ამ დრომდე არ ეძლევათ შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ პროტესტის თავდაპირველ ადგილს – სოფელ ნამოხვანს. ასევე ჰესზე კვლავ მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
ნამახვანჰესის მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე იგეგმება, რომელთა სიმძლავრეც ჯამში 433 მგვტ.-ს შეადგენს. კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას და 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას ითვალისწინებს.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.
სახელმწიფო უწყებების განცხადებით კი მათი მხრიდან შესაბამისი ნებართვის გაცემას წინ უძღოდა სხვადასხვა მიმართულებით დეტალური კვლევები. მათივე თქმით, ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება.