რესპუბლიკურ საავადმყოფოში ემერჯენსცენტრი მოეწყობა – მინისტრი

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდგომ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც შემდგომ უკვე საჭიროებებისამებრ გადაამისამართებენ.

„საავადმყოფოებში მოქალაქეების მიმართვიანობის დიდი ნაკადი გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება.  გთხოვთ, ყველა მოქალაქეს, ვისაც გაქვთ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც შემდეგ საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ, იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინო ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ აქვს საეჭვო სიმპტომები კორონავირუსზე, პირველ რიგში მან უნდა გამოიყენოს ცხელი ხაზი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ზუსტი დიაგნოსტირება ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან – არის თუ არა ეს კავშირი საეჭვო და საჭიროებს თუ არა ჰოსპიტალიზაციას, ყოველივე ამის შემდეგ ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოხდება თქვენი ტრანსპორტირება ამა თუ იმ საავადმყოფოში და რა მეთდები არის საჭირო, რომ თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 1505

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი 116 001

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 1 ინფიცირებული პირი გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში 1575 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.