რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს.
ზაზა ავალიანის გადადგომა რესპუბლიკურის ექიმების საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
„შეხვედრა გაიმართა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებების ყველა ხელმძღვანელთან, ასევე მენეჯმენტთან. საუბრის ძირითადი თემა იყო კლინიკის ახალი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენა, რომელიც წლებია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს და ამ ეტაპზე ასრულებდა კლინიკური მენეჯერის მოვალეობას. თქვენ იცით, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, ბატონი ზაზა ავალიანი გააგრძელებს მუშაობას ტუბერკულიოზის და ფილტვის ცენტრში, სადაც იგი წლებია, მუშაობს და დროებით იყო მივლინებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის დაუბრუნდება ტუბერკულიოზის ცენტრს, ხოლო კლინიკური მენეჯერი, რომელიც ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა „პირველი არხის“ ეთერში.
მისივე ინფორმაციით, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და პერსონალს მიაწვდის სამინისტროს გეგმას კლინიკის მომავალთან დაკავშირებით.
22 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.
ღია წერილში, რომელიც რესპუბლიკურის თანამშრომლებმა საავადმყოფოს facebook-გვერდზე გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მათთვის მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. ექიმებმა მომდევნო დღეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე გახდება ცნობილი, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი მოხდება თუ რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მინისტრი გადაწყვეტილების მიღების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მედპერსონალი საავადმყოფოში ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას და პაციენტებსაც ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ.