რესტორატორები და ბიზნესის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ

პუბლიკა

„გახსენით ქვეყანა” – რესტორატორები და ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

„ჩვენი ბიზნესი არის დაღუპული, უმეტესობა არის გაკოტრებული, ალბათ 3% თუ გადაურჩება ამას, როდესაც სახელმწიფო არის ღარიბი და არ შეუძლია „ლოქდაუნის“ დროს მსგავს ბიზნესს მიხედოს და ელემენტარული თანხა გამოყოს, ჩვენ გვესმის რომ სახელმწიფოს არ აქვს ამის რესურსი, მაშინ უნდა გამოძებნოს ხერხი, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება გადავარჩინოთ საკუთარი თავი, ჩვენი თანამშრომლები და მათი ოჯახები , ვინაიდან ძალიან ბევრი შიმშილობს და ძალიან ბევრი დარჩა სამსახურის გარეშე“,- უთხრა „რუსთავი 2-ს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარინა სალუქვაძემ. 

„თუ სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, რომ კონკრეტულად ჩვენი სექტორი გადაარჩინოს, ეს არის ფინანსური დახმარებით თუ ა.შ. მაშინ მოგვცეს საშუალება რომ გავიხსნათ, ვიმუშაოთ და ჩვენით შევძლოთ ჩვენი თავების გადარჩენა“,- აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. 

„ნუ შეგეშინდებათ, თუ ბევრნი ვიქნებით, ვერავინ დაგაშინებთ თუნდაც არსებულის დაკარგვით, წართმევით. საჭიროა ადამიანების კრიტიკული მასა, რათა ხელისუფლებას გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი! შემსუბუქდეს გადაჭარბებული, გაუმართლებელი, მადისკრედიტირებელი შეზღუდვები და რეგულაციების დაცვით გაიხსნას ქვეყანა:

მოიხსნას ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები; სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში და გაიხსნას საბავშვო ბაღები, შესაბამისი რგულაციების დაცვით; განახლდეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა; გაიხსნას რესტორნები და კაფეები შესაბამისი რეგულაციების დაცვით ღია და დახურულ სივრცეებში; ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მიეცეთ მუშაობის უფლება; გაიხსნას ფიტნეს და სპორტული დარბაზები შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით; ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას ის შეზღუდვები, რომლებიც მათ არსებობას საფრთხეს უქმნის და მკურნალობას აფერხებს; გაიხსნას სახელოვნებო სივრცეები, შესაბამისი რეგულაციებით და შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომები მათ ასამუშავებლად; გაუქმდეს კომენდანტის საათი“, – ნათქვამია ღონისძიების მიმართვაში.

აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას პირველ თებერვლამდე მისცეს დრო და დაუმორჩილებლობა დაანონსეს.

„თუ არ გაიხსნება ქვეყანა, არ აღდგება ტრანსპორტი, არ დაიწყება კონკრეტული გეგმა სკოლებთან დაკავშირებით, რესტორნებთან დაკავშირებით და ა.შ.  ჩვენ დავიწყებთ უკვე მუშაობას, დაუმორჩილებლობას, დაუმორჩილებლობა არ გულისხმობს პიკეტირებას ან ქუჩების გადაკეტვას, ჩვენ არ დავემორჩილებით იმ რეგულაციებს, იმ შეზღუდვებს, რომელიც უკანონოდ გვავქს დაწესებული“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიდი, ალექსანდრე გიორგიძე.