რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მიტანის სერვისი | მთავრობის განმარტება ახალ შეზღუდვებზე

პუბლიკა

დღეს, 26 ნოემბერს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა იმ კონკრეტული რეგულაციების შესახებ, რომელიც ქვეყანაში „მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებასა და გაფართოებას“ ეხება. მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი რეგულაციები ორთვიან პერიოდს მოიცავს, 28 ნოემბრიდან იწყება და 31 იანვრის ჩათვლით გასტანს.

1. ეკონომიკური საქმიანობის შესახებ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები:

1.1 – რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?
რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:

  • პროდუქტის გატანა – ე.წ. takeaway;
  • მიტანის სერვისი – ე.წ. „დელივერი“;
  • ავტომობილით გატანა – ე.წ. „დრაივი“.

1.2 –  რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?
ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად – ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.

ეს შეზღუდვა არ ეხება:

  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;
  • ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
  • პრესის ჯიხურებს.

1.3 – იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?
არა. იზღუდება მხოლოდ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.

1.4 – იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

1.5 – ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნესდარბაზებსა და საცურაო აუზებს?
ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

1.6 – აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?
სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

1.7 – დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება, ე.წ „დელივერი სერვისი“?
ე.წ. „დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

1.8 – არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში?
საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

1.9 – აგრძელებენ თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?
ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.

1.10 – შესაძლებელია თუ არა კვების ობიექტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გატანა?
დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway. კერძოდ, მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გატანა.

2. სწავლის შესახებ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები:

2.1 – რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

2.2 – შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

2.3 – დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?
კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

2.4 – ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?
დიახ, სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.

2.5 – აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

3. სამთო სათხილამურო კურორტებთან შესაძლო კითხვები:

3.1 – იზღუდება თუ არა გადაადგილება სამთო კურორტებზე?
ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში იკრძალება 21:00 სთ -დან 05:00 სთ-მდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
3.2 – დამატებით რა შეზღუდვები წესდება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში?
აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის.
იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები.

4. შეზღუდვებთან დაკავშირებით დასმული სხვა კითხვები:

4.1 – რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?
დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.
4.2 – როდის შედის ძალაში დაწესებული შეზღუდვები?
შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.